Friday, November 20, 2009

”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობა საქართველოში

Volksvagen-Georgia

20 ნოემბერი

საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანულ კონცერნ ”ფოლკსვაგენის” რეგიონული ხელმძღვანელობა - ”ფოლკსვაგენის” აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილების დირექტორი ალექსანდრ ზატენმაიერი (ზედა სურათზე მარცხნივ) და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაყიდვების უფროსი თომას მოიზერი (ზედა სურათზე მარცხნიდან მეორე) იმყოფებიან.

მათი ძირითადი მიზანი საქართველოს საავტომობილო ბაზრის, მისი ტენდენციების შესწავლა და სამომავლოდ, სამოქმედო გეგმის შესადგენად, საჭირო მონაცემების შეგროვებაა. გერმანული ავტოგიგანტის რეგიონულ ხელმძღვანელებს საქართველოში ”ფოლკსვაგენის” პროდუქციის დისტრიბუტორმა, ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალმა კომპანია ”კრეს აუტოჰაუსმა” უმასპინძლა.

გუშინ კი სტუმარ-მასპინძელმა ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც, საუბარი ვიზიტის მიზნებსა და პარტნიორების სამომავლო გეგმებს შეეხო.

პრესკონფერენცია ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარს, ბოლო ხანს გამოცოცხლება დაეტყო და იმედი გამოთქვა, რომ მერმის, გაყიდვების მოცულობა ომამდელ დონეს მიუახლოვდება, რაშიც თავის როლს, ბოლო თვეებში გააქტიურებული ბანკებიც შეასრულებენ.

ბატონი მოიზერის განცხადებით, ”კრეს აუტოჰაუსი” ”ფოლკსვაგენის” რეგიონულ პარტნიორებს შორის ყველაზე წარმატებული საქმიანობით გამოირჩევა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასევე იქნება.

მანვე სპეციალური ჯილდო - ოქროს ნემსი გადასცა ”კრეს აუტოჰაუსის” ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან და გამოცდილ თანამშრომელს, კომპანიის კომერციულ დირექტორ ნინო შანავას (ქვედა სურათზე), რომელსაც ”ფოლკსვაგენის” ქართულ წარმომადგენლობაში მუშაობის ათწლიანი სტაჟი დაუგროვდა.

”24 საათის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ”ფოლკსვაგენი” იმ ავტომობილის საქართველოში შემოტანას, რომელიც სპეციალურად, დსთ-ის ბაზრებისთვის, პოპულარულ ჰეჩბეკ ”პოლოს” ბაზაზე მზადდება, ბატონმა მოიზერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერაც განხილვის საგანია, თუმცა არ გამორიცხა, რომ მომავალში ეს ავტომობილი შეიძლება საქართველოშიც შემოიტანონ. მანვე განაცხადა, რომ ამ ავტომობილს რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე ქარხანა გამოუშვებს, სადაც დღეისათვის გერმანული კონცერნი თავისი სამოდელო გამის თითქმის ყველა ძირითად ავტომობილს აწარმოებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ სადაა დამზადებული ავტომობილი. ”თუ ავტომობილს ”ფოლკსვაგენის” მარკა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ვოლფსბურგში გამოშვებული ავტომობილები”, - განაცხადა ბატონმა მოიზერმა.

მისივე თქმით, ახალი უნივერსალური პლატფორმა, რომელსაც ამჟამად ”ფოლკსვაგენი” ამუშავებს და რომელსაც პირველად ალბათ ”აუდი A3-ზე” გამოიყენებენ, კონცერნს ახალი მოდელების შემუშავებისას, დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. თუმცა, ეს ავტომობილების გასაყიდ ფასზე ნაკლებად აისახება. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებულ სახსრებს, კონცერნი ახალი - ჰიბრიდული და ელექტრომობილების ტექნოლოგიების შემუშავებისას გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment