Wednesday, January 13, 2010

საინსმა პირველი ეტაპი მოიგო

დაკარის რალი-რეიდი

13 იანვარი

დაკარის რბოლის ლიდერის, ესპანელი კარლოს საინსის გამარჯვებით დასრულდა რალი რეიდის მოროგი, მეათე ეტაპი, რომლის 238-კილომეტრიანი მარშრუტიც, ლა სერენადან სანტიაგომდე, მან სამ საათსა და ერთ წუთში განვლო. წლევანდელ დაკარზე, ეს საინსის მიერ მოგებული პირველი ეტაპია, რითაც მან საერთო კლასიფიკაციაში ლიდერობა განიმტკიცა და კიდევ უფრო მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს. ათი ეტაპის შემდგ, ის 10 წუთსა და 6 წამს უგებს უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელს (ფოლკსვაგენის საქარხნო გუნდში), ყატარელ ნასერ ალ-ატიას, რომელსაც უკვე სამი ეტაპი აქვს მოგებული.

საინსმა, ვისთვისაც ეს კარიერაში, დაკარის რალი რეიდზე მოგებული მე-16 ეტაპია, 28 წამით აჯობა ”ბეემვეთი” მოასპარეზე ფრანგ სტეფან პეტერანსელს, ვისაც საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი უკავია. ეტაპი მესამემ, გამარჯვებულთან წუთზე მეტი ჩამორჩენით დაასრულა საინსის ამერიკელმა თანაგუნდელმა მარკ მილერმა, ვინც საერთო ჩათვლაშიც მესამეზეა.

”დღეს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სტარტიდან დაახლოებით მე-80 კილომეტრზე, ნასერს დავეწიე და მას კვალში ჩავუდექი. გასწრება არც მიფიქრია, რადგან ის რადიოში გაფრთხილებას არ უსმენდა და ამ დროს, გასწრების მანევრი სახიფათო იქნებოდა. ეს ძალიან ნელი და მოსახვევებით სავსე გზა იყო. ასეთი რთული მარშრუტი ჯერ არცერთ სხვა ეტაპზე არ გვქონია. ვიცოდი, რომ ის ჩემს გაშვებას არ აპირებდა. ასე რომ, დარჩენილი გზა მის მიერ დატოვებულ მტვრის ჭავლს მივყვებოდი”, - ნარბოლევს განაცხადა საინსმა, ვინც ეტაპი ნასერზე წუთნახევრით გვიან დაიწყო (როგორც წინა ეტაპის მეორეადგილოსანმა) და ალ-ატიას სწორედ ამის ხარჯზე მოუგო.

თავის მხრივ, ალ-ატიამ განაცხადა, რომ მეათე ეტაპი მისთვის ძალიან სტრესული იყო: ”ძალიან, ძალიან სახიფათო ეტაპი იყო. უამრავი მოსახვევის გავლამ მოგვიწია და გზაც ისეთი იყო, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შეცდომის დაშვება. ასეთ პირობებში, იმითაც კმაყოფილი დავრჩი, რომ ეტაპი პრობლემების გარეშე დავასრულე. რბოლა პირველმა დავიწყე, რის გამოც, მთელი გზა არანორმალური სტრესის ქვეშ ვიყავი. ეს ძალიან ძნელი იყო. ამიტომ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ”.

No comments:

Post a Comment