Wednesday, January 20, 2010

”ტოიოტა” ჰიბრიდების წარმოებას გააორმაგებს

20 იანვარი

ტოიოტა საი

..................................

”ტოიოტას” დაგეგმილი აქვს, რომ 2011 წლისთვის, იმ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება გააორმაგოს, რომლებშიც ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის შიდაწვის ძრავი და ელექტროძრავია გაერთიანებული. ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარი მთელს მსოფლიოში მუდმივად იზრდება და კომპანია იმედოვნებს, რომ მერმის მილიონ ცალ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს.

ახლახანს, ”ტოიოტამ” იაპონიაში თავისი ახალი ჰიბრიდომობილის, სედან ”საის” (ეს ლექსუს HS-ის ჰიბრიდული ვარიანტია) პრეზენტაცია ჩაატარა, რომელმაც მნიშვნლოვნად უნდა გაზარდოს ჰიბრიდების სეგმენტში მსოფლიოს ბაზარზე საკუთარი წილი. კომპანიაში თვლიან, რომ წლიურად მილიონი ჰიბრიდის წარმოება ადვილად მიღწევადი მიზანია, რის საფუძველსაც თუნდაც ის ფაქტი იძლევა, რომ იაპონიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ”ტოიოტა პრიუსია”. უფრო მეტიც, ეს ავტომობილი ძალიან პოპულარულია მსოფლიოს უდიდეს, ამერიკულ საავტომობილო ბაზარზეც.

სააგენტო ნიკეის ცნობით, იაპონიაში ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში, ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებს, სახელმწიფო სოლიდური შეღავათებით უზრუნველყოფს და ამასთან, ასეთი ავტომობილების მწარმოებლები, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობენ.

ტოიოტა პრიუსი

..........................................

ჯერჯერობით, ჰიბრიდულ ბაზარზე ”ტოიოტას” ბევრი კონკურენტი არ ჰყავს. ეს იმის ბრალია, რომ ამ კლასის ავტომობილების წარმოების დაწყება სხვა კომპანიებს დაუგვიანდათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს კომპანიები ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას, კარგა ხანს უპერსპექტივო საქმედ მიიჩნევდნენ. ”ტოიოტამ” ამ ბიზნესის წამოწყება ყველაზე ადრე სცადა და ამით მოგებულიც დარჩა. ამ კომპანიის მაგალითმა კი სხვა კომპანიებიც დააინტერესა. ჰოდა, სწორედ 2010 წლიდანაა მოსალოდნელი ჰიბრიდული ბაზრის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება.

ამ მხრივ, სხვებს სიდიდით მეორე იაპონურმა კომპანია ”ჰონდმა” დაასწრო, რომელმაც შარშან ჰიბრიდული ”ინსაითის” წარმოება დაიწყო და ასე განსაჯეთ, ცოტა ხნით, ”პრიუსს” სეგმენტის ლიდერობაც კი ჩამოართვა. თუმცა, ამ უკანასკნელმა მალევე აღადგინა სტატუს ქვო, რაშიც ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ ”ტოიოტამ” მესამე თაობის ”პრიუსის” წარმოების დაწყების შემდეგაც გააგრძელა მეორე თაობის მოდელის წარმოება. ეს ავტომობილი კი ფასით ადვილად უწევს კონკურენციას ”ინსაითს”.

ნიკეის ცნობით, უახლოეს წლებში, ”ტოიოტა” რამდენიმე ახალი ჰიბრიდული ავტომობილის წარმოებას დაიწყებს და მათი რეალიზაციის არეალსაც გააფართოებს. შესაბამისად, ასეთი ავტომობილებისთვის ახალი ქარხნების მშენებლობაც იგეგმება. მაგალითად, ევროპისთვის, წელს იაპონური კომპანია მოდელ ”აურისის” ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას გეგმავს. ამისთვის კი შერჩეულია ლონდონიდან ჩრდილოეთით, 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ დერბის ქარხანა.

ნიკეის ინფორმაციით, ”ტოიოტას” მიერ შარშან წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა 500 000-ს მიაღწევს (ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება), რაც კომპანიის მთლიანი წარმოების დაახლოებით 8 პროცენტია.

დაკიდევ, ამჟამად, ”ტოიოტა” ჰიბრიდულ ავტომობილებს, იაპონიის გარდა, აშშ-ში, ჩინეთში, ტაილანდსა და ავსტრალიაში აწარმოებს.

No comments:

Post a Comment