Wednesday, January 20, 2010

”შევროლე ვოლტი” 30 000 დოლარზე ნაკლები ეღირება

Chevy Volt to Be Priced Under $30 000

21 იანვარი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ”ჯენერალ მოტორსმა” ჰიბრიდულ ”შევროლე ვოლტთან” დაკავშირებით პირველი ინფორმაცია გამოაქვეყნა, პოტენციური მყიდველი ყველაზე ხშირად ერთ კითხვას სვამდა - რა ეღირება ეს ავტომობილი, რამდენს ხარჯავს ამერიკული კომპანია წარმოებაში მის დასანერგად და რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროექტი.

კარგა ხანს, ”გენერლები” აცხადებდნენ, რომ ”ვოლტის” ფასი 40 000 დოლარის ფარგლებში იქნებოდა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა, რომელთაგან მთავარი მის კონკურენტუნარიანობას ეხებოდა - თანამედროვე ჰიბრიდული ბაზრის ლიდერი ”ტოიოტა პრიუსი” ამაზე თითქმის ორჯერ ნაკლებად იყიდება.

და აი, დეტროიტის ავტო შოუს დღეებში, ”ჯენერალ მოტორსის” მთავარმა აღმასრულებელმა ედ უაითექრმა გამოაცხადა, რომ ”შევროლე ვოლტის” ფასი დოლარზე ნაკლები იქნება, რაც მწარმოებელს მისი სარგებლით გაყიდვის საშუალებას მისცემს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ფასი პოტენციურ მყიდველსაც არ დააფრთხობს.

რა თქმა უნდა, ავტომობილის ფასი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტექნოლოგიები გამოიყენება მისი წარმოებისას. უაითექრის ამ განცხადების შემდეგაც, აღნიშნული ზღვარი საბოლოო არაა და არაა გამორიცხული, რომ ეგრეთ წოდებული, სვლის გაზრდილი სიშორის მქონე ავტომობილი, მისი წარმოების მომენტისთვის, კიდევ უფრო გაიაფდეს. ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დამატებით შეღავათებს შესთავაზებს დეტროიტული გიგანტი თავისი პროდუქციის მყიდველს.

ჰიბრიდული ავტომობილების მაღალ ფასს, პირველ რიგში მათში გამოყენებული აკუმულატორების სიძვირე განაპირობებს, მაგრამ თუ ”გენერლები” ავტომობილის ფასში აკუმულატორების ღირებულებას არ გაითვალისწინებენ და ამ აკუმულატორებს მყიდველს ლიზინგით შესთავაზებენ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მეორე მხრივ, ასეთ ვარიანტს მინუსიც აქვს - მოსაწყობი იქნება სპეციალური სერვის ცენტრები, სადაც დამუხტვის ნაცვლად, აკუმულატორებს დამუხტულებით შეცვლიან. ოღონდ, ეს ავტომობილების საექსპლუატაციო ღირებულებას გაზრდის, რადგან ენერგიის ღირებულებას ლიზინგის შესატანიც დაემატება. და მაინც, ამის მიუხედავად, ”ვოლტის” ექსპლუატაცია და ენერგომომარაგება, ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანისაზე იაფი დაჯდება.

იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ”შევროლე ვოლტის” წარმოება ”ჯენერალ მოტორსს” წაგების მეტს არაფერს მოუტანდა. ამერიკულ კომპანიაში იმ ვარიანტსაც განიხილავდნენ, რომ ”ვოლტისთვის” შემუშავებული ტექნოლოგიები უფრო ძვირადღირებული ავტომობილების წარმოებისთვის გამოეყენებინათ, რომლებიც ”კადილაკის” ბრენდით გაიყიდებოდა.

მაგრამ უაითექრი შეუვალია და დაბეჯითებით აცხადებს: ”ჩვენ საქმეში ფულის წასაგებად არ ვართ. უკვე საკმარისი სამუშაო გავწიეთ იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებული იყოს. ამ ავტომობილს 30 000-ზე იაფად გავყიდით და სარგებელსაც მივიღებთ”.

”შევროლე ვოლტის” გაყიდვა წელს დაიწყება და პირველად ეს ავტომობილი კალიფორნიის ბაზარზე გამოჩნდება. ამჟამად, ”ჯენერალ მოტორსი” რამდენიმე კალიფორნიულ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რისი მიზანიც ამ შტატში ”ვოლტის” ექსპლუატაციითვის საჭირო ინფრასტრუქტურის შემუშავებაა.

”აშკარაა, რომ კალიფორნია ”ვოლტისთვის” მთავარი ბაზარია. ჯერ ერთი, ამ შტატში, ამერიკაში ყველაზე დიდი საავტომობილო ბაზარია. მეორეც, კალიფორნიაში ახალ, გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას ყველაზე მეტად უწყობენ ხელს და ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, ”ვოლტის” სწორედ ამ ბაზარზე დამკვიდრებაა”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” პრეზიდენტი ბრენტ დევარი.

”შევროლე ვოლტი” ლითიუმ-იონური აკუმულატორებითაა აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც, ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით, 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. და თუ შიდაწვის ძრავს და მასთან დაკავშირებულ გენერატორსაც ავამოქმედებთ, სვლის სიშორე თითქმის ათჯერ გაიზრდება.

No comments:

Post a Comment