Wednesday, January 20, 2010

”პეჟოს” საიუბილეო სახეცვლილება და სიახლეები

Peugeot's 200th anniversary heralds a huge year ahead

18 იანვარი

ფრანგულ კომპანია ”პეჟოს”, რომელიც ევროპის მეორე უდიდესი საავტომობილო კონგლომერატ ”PSA პეჟო სიტროენის” ნაწილია, წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ”ლომები” დიდ ღონისძიებებს გეგმავენ.

”დაიმლერის” შემდეგ, ”პეჟო” მსოფლიოს მეორე ყველაზე ხნიერი ავტომწარმოებელი, სიდიდით მეათე ავტოკომპანიაა და რაც მთავარია, მოტოციკლების, ველოსიპედების და სატვირთო ავტომობილების ჩათვლით, მსოფლიოში სატრანსპორტო საშუალებათა ყველაზე მრავალფეროვანი გამით გამოირჩევა.

იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობის მე-300 ასწლეულს იწყებს, კომპანიამ თავისი ემბლემის - ყალყზე შემდგარი ლომის ახლებური ვერსია შექმნა. ეს ლოგო ”პეჟოს” ნაწარმს 1858 წლიდან ამშვენებს, განახლებული ლოგოთი კი ახალ ცხოვრებას იწყებს განახლებული დევიზით, ”პეჟო მოუშნ ენდ ემოუშნ” (პეჟო - მოძრაობა და ემოცია).

დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე (NAIAS - ნორთ ამერიკენ ინტერნეიშნლ აუტო შოუ), ფრანგულმა კომპანიამ თავისი ახალი კონცეპტუალური მოდელი - ჰიბრიდული სპორტქარი SR1 წარადგინა, რომელიც, პეჟოს” ხელმძღვანელთა განცხადებით, მისი ახალი კორპორატიული სტილის განვითარების პირველი ეტაპია.

”პეჟოს” მიზნად აქვს დასახული ამბიციური ამოცანა - 2015 წელს გახდეს მსოფლიოში სიდიდით მე-7 ავტომწარმოებელი. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში უაღრესად გამკაცრებული კონკურენციის პირობებში, სამი ადგილით წინ წაწევა ძალიან ამბიციური მიზანია და ფრანგული ლომები ამის მიღწევას საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებით და შესაბამისად, ბაზარზე ახალი პროდუქტების წამოწევით აპირებენ.

დაკიდევ, ”პეჟომ” უკვე წამოიწყო ახალი აქცია, რომლის მიზანიც, მყიდველის მიზიდვაა. აქციას საკმაოდ უცნაური სახელი აქვს - ”მიუ ბაი პეჟო”.

მოკლე ისტორია

კომპანია ”პეჟოს” არსებობა 1810 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ჟან-პიერ და ჟან-ფრედერიკ პეჟოებმა თავიანთი მამის წისქვილი სამჭედლოდ და ფოლადის სადნობ საწარმოდ გადააკეთეს. ასე დაიწყო პეჟოების ოჯახის ინდუსტრიული ერა. რას აღარ უშვებდა მათი კომპანია - ლითონის ნაკეთობებს, ხელსაწყოებს, სამუშაო იარაღებს, მარილის, ყავის და წიწაკის საფქვავებს, ველოსიპედებს, სკუტერებს, მოტოციკლებს და ავტომობილებს და კომერციულ მსუბუქ ავტომობილებს. ყველა ამ სფეროში, ”პეჟოს” ნაწარმი ხარისხით გამოირჩეოდა, მისი წარმოება ინოვაციური იყო, მის საწარმოებში კი მუშაობის რკინისებრი დისციპლინა იყო დამყარებული.

განახლებული ემბლემა

”პეჟოს” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ლოგო აქვს - ყალყზე მდგარი ლომი. ის კომპანიის პროდუქციას 1858 წლიდან ამშვენებს, ავტომობილებზე კი ამ ემბლემას ყოველთვის დიზაინის ელემენტის როლი ეკისრა.

განახლებული ლოგო ”პეჟოს” დიზაინერების მიერაა შექმნილი. ლომის გამოსახულება უფრო გამარტივებული, ელეგანტური და დინამიურია. ლოგოს ნაწილი გაპრიალებულია, ნაწილი კი მქრქალია. ემბლემა ლურჯ ფონზე ზის. ეს ფერი კომპანიის დროშის ფერია. დროშის ფერიც ოდნავ გამუქდა. ემბლემის ქვეშ კომპანიის წარწერა მდებარეობს, რომელიც ასევე ლურჯადაა შესრულებული.

პირველი ავტომობილი, რომელიც ახალი ემბლემით შეიმკობა, სპორტული RCZ-ია, რომლის წარმოებაც წელს, მეორე კვარტალში დაიწყება.

მიუ ბაი პეჟო

”მიუ ბაი პეჟო” არის სერვისის მობილური სისტემა, რომელსაც ფრანგული კომპანია როგორც თავის, ასევე თავისი კონკურენტების პროდუქციის მყიდველს სთავაზობს. სერვისი ეხება როგორც ავტომობილებს, ასევე მსუბუქ კომერციულ მანქანებს, სკუტერებს, დელოსიპედებს და მოტოციკლებს.

სულერთია, გყავთ, თუ არა მანქანა, ხართ, თუ არა, ”პეჟოს” პროდუქტის მფლობელი და საერთოდ, აპირებთ, თუ არა ამ კომპანიის პროდუქციის შეძენას. ”მიუ ბაი პეჟო” ნებისმიერ შემთხვევაში მოგემსახურებათ. ამისათვის საჭიროა სპეციალური საკრედიტო ბარათის შეძენა, მასზე წინასწარ თანხის შეტანა, რის შემდეგაც, გეძლევათ ეგრეთ წოდებული მობილური ერთეულები და თქვენთვის სერვისის კარი გახსნილია. ამ მობილური ერთეულების გამოყენება შეიძლება სატრანსპორტო საშუალებათა დაქირავებასა და პროგრამის სხვა პარტნიორებისგან სხვადასხვა სერვისის შესაძენად.

განსაკუთრებით საინტერესოა პროგრამის პარტნიორების მომსახურებით სარგებლობა. ამ მხრივ, შესაძლებელია: თვითმფრინავის, ან მატარებლის ბილეთის შეძენა, სასტუმროს ნომრის დაქირავება, ან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სამოგზაურო სერვისის ორგანიზება.

”მიუ ბაი პეჟომ” საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე გაიარა საცდელი შემოწმება და ახლა, ”პეჟო” მის დანერგვას იწყებს. პირველ რიგში, სერვისს საფრანგეთის მოქალაქეებს შესთავაზებენ. შემდეგ კი ის ევროპის ყველა ქვეყანას მოედება.

კონცეპტუალური SR1

დაბოლოს, ”პეჟოს” მთავარი სიახლე, რომელსაც ის ჟენევის საავტომობილო გამოფენისთვის ამზადებს - კონცეპტუალური SR1.

კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილში, პირველ რიგში, მისი მომავალი კორპორატიული სტილის შტრიხების დანახვა შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ სპორტული მოდელის გარეგნობის მიხედვით, ძნელია იმის თქმა, რამდენიმე წლის შემდეგ, როგორი იქნება ”პეჟოს” ავტომობილები. თუმცა, იმას ახლავე მივხვდებით, რომ ”ფრანგული ლომების” ახლანდელი სტილისგან არაფერი დარჩება.

დღეს კომპანიაში დიზაინის საქმეს ”სიტროენიდან” გადმოყვანილი ჟილ ვიდალი უძღვება. მისი თქმით, ახალი კორპორატიული სტილის საკვანძო დეტალები, კომპანიის ახალ ავტომობილებზე, უახლოესი ორი წლის განმავლობაში, თანდათან გამოჩნდება. ასეთი ელემენტებია ვიქრო და უფრო განიერი მთავარი მაშუქები, რადიატორის ახალი ბადე (გადმობრუნებული ტრაპეცია), რომელიც ”ასტონ მარტინის” ანალოგიურ ელემენტს მოგვაგონებს, არადა, ინგლისური მარკის ავტომობილების რადიატორებს ნორმალური ტრაპეციის მოყვანილობა აქვთ.

კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომლის მთავარი ნაწილიც 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავია. ამის მაქსიმალური სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს. მასთან შეწყვილებულია 95-ცხენისძალიანი ელექტროძრავი, რომელსაც დამოუკიდებლადაც შეუძლია მუშაობა. და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ავტომობილი გამონაბოლქვის გარეშე იმუშავებს. კომბინირებული ციკლით მუშაობისას კი ავტომობილი 4.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ყოველი კილომეტრის გავლისას, ის გარემოს მხოლოდ 119 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ორივე ძრავის კომბინირებულად მუშაობისას, ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრე 313 ცხენის ძალას აღწევს და ის სრულამძრავიანი ხდება (ელექტროძრავი უკანა ბორბლებს ემსახურება).

ინტერიერი იმითაა საინტერესო, რომ მასში მხოლოდ სამი ჩასაჯდომი ადგილია. მაჩვენებლების დაფა მძროლის მხარეს ”იხედება”, რითაც მას საჭირო მონაცემების წაკითხვას და მანიპულაციებსაც უადვილებს. არაა გამორიცხული, რომ კონცეპტქარის ინტერიერის დიზაინის ზოგიერთი ელემენტი მალე სერიულ ავტომობილებზეც ვიხილოთ.

No comments:

Post a Comment