Wednesday, January 20, 2010

”ფოლკსვაგენი” აშშ-ში 800 000 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

20 იანვარი

ოღონდ, ამ მიზნის მიღწევა 2018 წლისთვის იქნება შესაძლებელი. დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე გამოსვლისას, გერმანული კომპანიის ამერიკული შტოს შეფმა სტეფან ჯეკობიმ განაცხადა, რომ ”ფოლკსვაგენი” ამერიკელ მყიდველთან ახლებური ურთიერთობის დამყარებას აპირებს.

შარშან ”ფოლკსვაგენმა”, თავის ლუქსის კლასის ბრენდ ”აუდის” ჩათვლით, ამერიკაში 297 537 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (313 581) დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლებია. ეს იმ დროს, როდესაც აშშ-ის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების რაოდენობა, 21 პროცენტით გაიზარდა.

ჯეკობის თქმით, მისი კომპანიის გაყიდვების ზრდა, ამერიკის ბაზარზე ახალი მოდელების შეტანამ უნდა განაპირობოს. ამათგან პირველი ახალი, საშუალო ზომის სედანი (სურათზე) იქნება, რომელიც სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის, იქაური მყიდველის გემოვნების შესაბამისადაა შექმნილი. ამ ავტომობილის პრემიერა დეტროიტის ავტო შოუზე გაიმართა, სადაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი წარმოება ჩატანოგაში (შტატი ტენესი)დაიწყება. აღნიშნული ქარხნის მშენებლობა ამ წლის ბოლოს დასრულდება და ის პირველ ავტომობილებს მერმისიდან გამოუშვებს. თუმცა, მისი გაყიდვები იმავე წლის ბოლომდე არ დაიწყება.

ჯეკობის განცხადებით, მისი კომპანია ამჟამად ქარხნის პერსინალის აყვანითაა დაკავებული, რომელთა რაოდენობაც 2 000-ს მიაღწევს. ჩატანოგას ქარხნის ნომინალური საწარმოო სიმძლავრე წლიურად 150 000 ცალი ავტომობილია, რომელთაგან 25 000-35 000 ცალი, კანადისა და მექსიკის ბაზრებზე გაიყიდება.

პარალელურად, ”ფოლკსვაგენი” თავის დილერებს ახალი მოდელების მისაღებად ამზადებს და მათი დახმარებით, სერვისის ახალი სისტემის ჩამოყალიბებასაც გეგმავს. ახალ მოდელთაგან, პირველი განახლებული ”ტუარეგი” იქნება, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოჩნდება. მას მოჰყვება განახლებული ”ჯეტა”, რომლის გაყიდვებიც მერმის უნდა დაიწყოს. მერმისვე, ამერიკაში განახლებული ”ხოჭოც” გამოჩნდება.

”ამერიკაში იმ ავტომობილებს გავყიდით, რომლებიც ამერიკელებს სურთ. ჩვენ იქ ძირითადად საშუალო კლასის ავტომობილების შეტანას ვაპირებთ” - ამბობს ჯეკობი. ამერიკელი მყიდველისთვის სასურველ ავტომობილებში, ის შესაბამისი სტილის, ფასისა და ღირებულების მოდელებს გულისხმობს.

ჯეკობი ამბობს, რომ ამერიკელ ავტომოყვარულთა შორის, ჯერაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი ”ხოჭო” და მიკროავტობუსი, რომლის მფლობელებიც არაერთ კლუბში არიან გაერთიანებულნი და ერთმანეთს, თავიანთი ავტომობილების შესახებ, ყველანაირ ინფორმაციას უზიარებენ.

პარალელურად, ჯეკობი ამბობს, რომ მისი კომპანიის ამოცანაა, ამერიკელმა მყიდველმა, ”ფოლკსვაგენის” ავტომობილებზე ჩამოყალიბებული, არცთუ საუკეთესო შეხედულება შეცვალოს. ამ მხრივ, მთავარი კრიტერიუმები ავტომობილების ხარისხი და გამძლეობაა. და ამ მხრივაც, ვოლფსბურგელები წინ მიიწევენ - თუ 2008 წელს, ავტომფლობელთა გამოკითხვის საფუძველზე, სტატისტიკის ორგანიზაცია ”კონსამერ რეპორტსი”, ამერიკელებს ”ფოლკსვაგენის” მხოლოდ სამი მოდელის ყიდვას ურჩევდა, შარშან ეს მაჩვენებელი რვა მოდელამდე გაიზარდა. თუმცა, ჯეკობის ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ ერთჯერადი წარმატებით, მყიდველის შეხედულების შეცვლა შეუძლებელი იქნება და ამას მუდმივი ხასიათი უნდა მიეცეს.

დღეისათვის, ”ფოლკსვაგენს” აშშ-ში 580 დილერი ჰყავს, თუმცა ჯეკობი ამბობს, რომ მის კომპანიას კიდევ 40 დილერი სჭირდება. მალე ვოლფსბურგელები ამერიკაში ახალ სარეკლამო კამპანიას დაიწყებენ, რომლის პირველი სერიოზული აქციაც სუპერ ბოულის (ამერიკული ფეხბურთის ფინალური შეხვედრა) სპონსორობაა.

No comments:

Post a Comment