Monday, January 25, 2010

”ქანთრიმენი” - პირველი ქროსოვერი ”მინის” ისტორიაში

MINI Countryman

25 იანვარი

ათწლეულების განმავლობაში, ”მინი” მხოლოდ ერთი ტიპის, მეტად პოპულარული ჰეჩბეკების წარმოებით იყო განთქმული და სწორედ ეს ავტომობილი იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ახალი საუკუნის დასაწყისში, ის გერმანულმა ”ბეემვემ” შეიძინა. აქედან მოყოლებული, ”მინის” ახალი ცხოვრება დაიწყო.

რამდენიმე წელი, მის საწარმოო პროგრამაში მხოლოდ ჰეჩბეკ ”მინის” და მის ბაზაზე დამზადებულ მოდიფიკაციების წარმოება შედიოდა. თუმცა პარალელურად, გერმანული კომპანია თავისი ინგლისური შვილობილის განვითარებაზე ზრუნავდა. შარშან კი გამოქვეყნდა გეგმა, რომელიც ”მინის” სამოდელო გამის არნახულ გაფართოებას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც პოტენციური მყიდველი მოუთმენლად ელოდა და რომელსაც ”მინის” გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია, საქალაქო ქროსოვერია, რომლის კონცეპტუალურ ვერსიებსაც ”ბეემვე” ბოლო წლებში დიდ საავტომობილო გამოფენებზე გვიჩვენებდა. და აი, 20 იანვარს კომპანიამ თავისი ახალი ავტომობილის, ქროსოვერ ”ქანთრიმენის” შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა.

უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, როდესაც ”პორშემ” თავის ისტორიაში პირველი ქროსოვერის, ”კაიენის” წარმოების გადაწყვეტილება მიიღო, ბევრი ამას კრიტიკით შეხვდა - ვინ წარმოიდგენდა, თუ მანამდე მხოლოდ სპორტული და სარბოლი ავტომობილების წარმოებით განთქმული კომპანია, მისთვის უჩვეულო სეგმენტში ფეხის მოკიდებას შეძლებდა. მაგრამ ”კაიენი”, რომელიც ”ფოლკსვაგენთან” მჭიდრო კოოპერაციის შედეგად შეიქმნა, შტუტგარტელებისთვის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელმაც მათ უზარმაზარი მოგება მოუტანა.

თუმცა, ”მინის” შემთხვევაში, ქროსოვერის წარმოებასთან დაკავშირებით, კრიტიკა არავის დასცდენია. პირიქით, ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ”ქანთრიმენის” წარმოებით, კომპანიის ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება და ეს ავტომობილი მას დიდ მოგებას მოუტანს. ამის მთავარი გარანტია კი ის გარემოებაა, რომ კომპაქტური ქროსოვერების ბაზარი მთელს მსოფლიოში მაღალი ტემპით იზრდება.

რა თქმა უნდა, კონცეპტუალური ”ქროსმენისგან” (ასე ეწოდებოდა ”ქანთრიმენის” კონცეპტუალურ ვერსიას), ”ქანთრიმენი” საკმაოდ განსხვავდება, თუმცა გაბარიტული ზომებით ისინი იდენტურები არიან. მთავარია, რომ ახალი ავტომობილი ”მინის” კორპორატიულ სტილშია შესრულებული და ჰეჩბეკისგან მას პირველ რიგში, გაზრდილი კლირენსი და დიზაინის ზოგიერთი ელემენტი განასხვავებს.

ძველისგან ახალი ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი მისი წინა ნაწილია სხვა ფორმის ფარებით და ამობერილი კაპოტით. ”ქანთრიმენს” უფრო დაბერილი საბორბლე თაღებითაც იცნობთ. სახურავი კი მას ძირითადისგან განსხვავებულ ფერში აქვს შეღებილი. დიზაინერებს თითქმის არ შეუცვლიათ ”მინის” უკანა ნაწილი.

ევროპაში ”მინი” მყიდველს ”ქანთრიმენს” ხუთი 1.6-ლიტრიანი ძრავით შესთავაზებს, რომელთაგან სამი ბენზინზე მუშაობს, ორი კი - დიზელზე. მათი სიმძლავრე 90-დან 184 ცხენის ძალამდეა. ამ აგრეგატების მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს. ბენზინისძრავიანი ვერსიებისთვის ასევე შესაძლებელია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის (სტეპტრონიკი) გამოყენება.

”ქანთრიმენის” ტოპ ვერსია აღიჭურვება 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელსაც საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება და რომელზეც, საწვავი ნარევის განაწილებას ელექტრონიკა აკონტროლებს.

”ქანთრიმენის” საბაზო ვერსიები წინაწამყვანბორბლიანი ტრანსმისიითაა აღჭურველი, თუმცა ოპციის სახით, კომპანია მყიდველს სრულამძრავიან ტრანსმისიასაც (All4) შესთავაზებს, რომელშიც, წინა და უკანა ღერძებს შორის, მაბრუნ მომენტს ელექტროჰიდრავლიკური ქურო თანაბრად ანაწილებს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მომენტის 100 პროცენტი მხოლოდ უკანა ღერძს მიეწოდება.

საინტერესოა, რომ ”ქანთრიმენის” სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა ენერეგიის რეკუპერაციის სისტემა, რომელიც დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და აკუმულატორებს აწვდის. ასევე სტანდარტულ ეკიპირებაში შედის ძრავის გათიშვისა და გაშვების სისტემა და ინდიკატორი, რომელიც მძღოლს კარნახობს, ეკონომიური მართვის დროს, გადაცემის რომელ საფეხურზე გადართვაა ყველაზე ოპტიმალური.

”ქანთრიმენის” სალონი, ”მინის” სხვა მოდელების სალონებისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. ის იგივე მასალებითაა გაწყობილი. იგივეა ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერიერის მოცულობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ერთადერთი სერიოზული ცვლილება უკანა სავარძელს შეეხო, რომელიც სტანდარტული შესრულებით ორადგილიანია, თუმცა ზედმეტი საფასურის გადაუხდელად, მყიდველს სამადგილიანის შეკვეთის საშუალება ექნება. ორივე შემთხვევაში, უკანა სავარძლები იკეცება, რითაც საბარგულის მოცულობა 350-დან 1170 ლიტრამდე იზრდება.

ოპციის სახით, ”მინი” თავის კლიენტებს შესთავაზებს: პანორამულ სახურავს, ადაპტირებად წინა ფარებს, სპორტულ, 10 მილიმეტრით დადაბლებულ საკიდარს და ბორბლების ფართო არჩევანს, რომელთა ზომებიც 16-დან 19 დუიმამდე იქნება.

”მინი” თავისი ახალი ავტომობილის პრემიერას მარტში, ჟენევის საავტომობილო შოუზე ჩაატარებს, მის გაყიდვებს კი შემოდგომაზე დაიწყებს. რაც შეეხება ფასს, ის გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება. ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პრემიუმ სეგმენტის სუბკომპაქტური ქროსოვერი (არადა, მისი სახელი პირდაპირი მნიშვნელობით, სოფლელს ნიშნავს), ისევე როგორც ”მინის” სხვა პროდუქცია, საკმაოდ ძვირი ეღირება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინგლისური მარკის სხვა ავტომობილები, სიძვირის მიუხედავად, მყიდველთა შორის პოპულარობით სარგებლობს, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ”ქანთრიმენს” კარგი მომავალი აქვს.

No comments:

Post a Comment