”ბენტლი” გაყიდვების ზრდის მოლოდინშია
Bentley CEO says luxury buyers are spending again
26 აპრილი
სულ რაღაც სამი წლის წინ, ”ბენტლის” საქმეები შესანიშნავად მიდიოდა - კომპანიამ გაყიდვების პიკს მიაღწია და ისე ჩანდა, რომ მომავალი კიდევ უფრო წარმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ლუქსის კლასის ავტომობილების პოტენციურ მყიდველების დიდ ნაწილს მომჭირნეობისკენ უბიძგა.
მაგრამ კრიზისმა ჩაიარა და გამოკეთება ბაზრის ლუქს სეგმენტსაც დაეტყო. ამის კვალობაზე, ”ბენტლის” მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ წელს მათი კომპანია დაახლოებით 5 000 ავტომობილის გაყიდვას შესძლებს. ეს კი იმის ნახევარია, რაც 2007 წელს გაიყიდა.
”ბენტლის” მთავარი აღმასრულებელი ფრანც-იოზეფ პაეფგენი ამბობს, რომ მალე მისი კომპანია გაყიდვებს 8-9 ათასამდე გაზრდის. მისი თქმით, ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტში გაყიდვების ზრდა იმის შედეგია, რომ მდიდრები ფულს უკვე გაცილებით თამამად ხარჯავენ, ვიდრე თუნდაც შარშან. ეს კი კარგის ნიშანია.
პაეფგენს ოპტიმიზმის საფუძველს ასევე ჩინური ბაზრის ძალიან სწრაფი ზრდა აძლევს. ”ჩინეთში ეკონომიკა აფეთქებასავით ვითარდება. ეს უდიდესი ბაზარია, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება. სტაბილურია ახლო აღმოსავლეთის ბაზარიც, რასაც ვერ ვიტყვით ამერიკულ ბაზარზე”, - ამბობს პაეფგენი.
სამი წლის წინ, ”ბენტლის” გაყიდვების ზრდა მისი ძირითადი მოდელის, ”კონტინენტალის” პოპულარობამ განაპირობა. ეს მოდელი კუპეს, სედანისა და კაბრიოლეტის ძარით, შედარებით იაფი ღირს და ახლოსაა იმ საფასო სეგმენტთან, რომელშიც ”მერსედეს-ბენცი”, ”ბეემვე”, ”აუდი” და ”მაზერატი” ფიგურირებენ. ეს გაცილებით დიდი სეგმენტია, ვიდრე ის, რომელშიც ”როლს როისის” მოღვაწეობს.
სამი წლის წინ, ”ბენტლიმ” მთელს მსოფლიოში 10 014 ავტომობილი გაყიდა, რაც ინგლისური კომპანიის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აქედან 3 990 ავტომობილი მარტო აშშ-ში გაიყიდა. სამაგიეროდ, იქვე შარშან ”ბენტლის” ავტომობილების შეძენა მხოლოდ 1 367-მა ადამიანმა ისურვა. ეს კი წინა წლის შესაბამისი მონაცემის თითქმის ნახევარია. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ ”ბენტლიმ” შარშან 262 მილიონი დოლარი იზარალა. ეს მაშინ, როდესაც წინა წელს მოგებამ მხოლოდ 13.5 მილიონი შეადგინა.
დღეს კი კომპანია ეკონომიკური აღმავლობის დასაწყისს მოძველებული მოდელებით ხვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ეკონომიკის აღმავლობა პროგნოზირებული სწრაფი ტემპით განვითარდა, ”ბენტლის” გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი შედარებით ნელი იქნება.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ინგლისური კომპანია ეკონომიკის ზრდის ტემპს ფეხს ვერ აუბამს ისაა, რომ მან შარშან კუპე ”კონტინენტალ GT-ს” (სურათზე) წარმოება შეაჩერა. ამ მოდელის (ეს პირველი ავტომობილია, რაც ბენტლიმ მას შემდეგ გამოუშვა, რაც ფოლკსვაგენის ჯგუფში შევიდა) შემცვლელი კი ბაზარზე მხოლოდ მერმისს გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment