”ბეემვეს” მე-5 სერიაზე რიგები დაუდგა
BMW says revamped 5-series model sold out, forcing buyers to wait months
24 ივნისი
”ბეემვემ” გამოაცხადა, რომ მე-5 სერიის სედანების მარაგი სრულად ამოწურა, რის გამოც, ამ ავტომობილის ყიდვის მსურველებს, ამიერიდან სამი-ოთხი თვე რიგში ყოფნა მოუწევთ.
გერმანული კომპანიის გაყიდვების განყოფილების შეფი იან რობერტსონი ამბობს, რომ ”ბეემვეს”, ”მინისა” და ”როლს როისის” მეორე კვარტლის გაყიდვების ტემპი ისეთია, რომ ამ მხრივ, 14-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდება. მისი თქმით, ბაზრების უმეტესობა სწორედ ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
ამასთან, რობერტსონი დასძენს, რომ კონკურენტი ”მერსედეს-ბენცისა” და ”აუდისგან” განსხვავებით, ”ბეემვეს” მთავარი მიზანი მოგების გაზრდაა და არა გაყიდვების მოცულობის და ბაზარზე წილის გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად, ბავარიული კომპანია ცდილობს, რომ მის სხვადასხვა კლასის მოდელებს, ბევრი საზიარო მაკომპლექტებელი ნაწილი ჰქონდეს.
მაგალითად, მე-5 სერიის ახალი სედანი 70 პროცენტით იმ ნაწილებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მე-7 სერიის სედანზეც გამოიყენება. არადა, მათს ფასებს შორის დიდი განსხვავებაა: თუ მე-5 სერიის საბაზო ღირებულება (ამერიკაში) 44 550 დოლარია, მე-7 სერიის საბაზო ღირებულება 70 150 დოლარს შეადგენს.
რობერტსონი ამბობს, რომ მოგების ზრდის პარალელურად, მისი კომპანია გაყიდვების მოცულობის ზრდასაც გეგმავს, თუმცა ეს მხოლოდ ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იგეგმება. ცნობისათვის, შარშან ”ბეემვემ” 1.29 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც 2004 წლის გაყიდვების პიკის შემდეგ, უდაბლესი მაჩვენებელია. წლევანდელი მაისის მიხედვით კი, გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 1.30 მილიონი გამოდის. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში გერმანულმა კომპანიამ უკვე 552 864 ავტომობილის გაყიდვა მოასწრო, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით 13 პროცენტით მეტია.
No comments:
Post a Comment