Friday, June 25, 2010

”ფოკუსის” სპეცვერსიები ლე მანის ”ფორდისეული” ტრიუმფატორების სახელზე

Ford Announces Five Focus RS Le Mans Classics Specials

25 ივნისი

იმ ავტომობილებს, რომლებმაც ”ფორდს” ლე მანის 24-საათიან რბოლებში გაუთქვეს სახელი, ამერიკულმა კომპანიამ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფოკუსის” სპორტულ მოდელ RS-ის ხუთი სპეციალური ვერსია მიუძღვნა, რომლებიც ლეგენდარული რბოლის ტრიუმფატორების ფერებშივე გამოაწყო.

დირბორნული კომპანია მალე შეწყვეტს მოდელ ”ფოკუს RS-ის” წარმოებას და ლე მანის სერიის სპეც ვერსიების (ფორდ ფოკუს RS ლე მანს ედიშნ) შექმნაც სწორედ ამას დაუკავშირა. ”ფორდის” ლეგენდარულმა ავტომობილმა GT 40-მა და მისმა მოდიფიკაციებმა 1960-70-იან წლებში ლე მანის რბოლებზე ხუთი გამარჯვება მოიპოვეს.

”ცისფერ ოვალს” პირველი დიდი გამარჯვება GT 40-ის მეორე მოდიფიკაციამ 1966 წელს მოაპოვებინა. მის საპატივცემულოდ, სპეციალური ”ფოკუსი” თეთრი ზოლებით გაწყობილ შავად გაფორმდა. შემდეგ სეზონში ლე მანი GT 40-ის მეოთხე მოდიფიკაციამ მოიგო, რომლის ფერიც წითელი იყო და მას თეთრი ზოლები ჰქონდა. იმავე სეზონში, წარმატებული გამოდგა მეორე მოდიფიკაციის B ვერსია, რომელიც ლურჯ და თეთრ ფერებში იყო გამოწყობილი. ცისფერისა და ფორთოხლისფერის შეხამებით გაფორმდა ის ”ფოკუსი”, რომელიც ლე მანის 1968 და 1969 წლების გამარჯვებულ GT40-ს მიეძღვნა. დაბოლოს, ”ფორდ კაპრი RS 2600” ის მანქანაა, რომელმაც 1972 ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ მანქანის შესაბამისი ”ფოკუს RS-ი” თეთრადაა შეღებილი და მას ლურჯ-წითელი ზოლების კომბინაცია ამშვენებს.

ხუთივე ავტომობილს ინდივიდუალური ინტერიერი აქვს. მათში ”რეკაროს” წარმოების სპორტული სავარძლები მოთავსდა. სალონები ტყავითაა გაწყობილი. მათს გასაფორმებლად კი ის ფერებია გამოყენებული, რომლებითაც ძარაა შეღებილი.

”ცისფერი ოვალის” განცხადებით, ხუთივე ავტომობილი სარბოლ ფესტივალ ”ლე მანს კლასიკში” მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ივლისში ჩატარდება. მათ სამართავად კი ”ფორდი” სპეციალურად მიიწვევს საპატიო სტუმრებს. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი ხუთივე ავტომობილს გასაყიდად გამოიტანენ.

No comments:

Post a Comment