”მერსედეს ბენცს” სუპერქარი SLS AMG ელექტროდიეტაზე გადაჰყავს
Mercedes-Benz SLS AMG E-Cell Prototype
25 ივნისი
საახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც საზოგადოებას თავისი ახალი სუპერავტომობილი SLS AMG, იგივე ”გოლუინგი” (თოლიას ფრთა) გააცნო, ”მერსედეს ბენცმა” გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის ბაზაზე ელექტრომობილის წარმოებასაც გეგმავდა. გავიდა ერთი წელი და შტუტგარტულმა კომპანიამ სიტყვის შესრულების პირველი ეტაპი - ელექტრომობილის პირველი პროტოტიპი, ”SLS AMG E-სელ” გვიჩვენა.”სამქიმიანების” ინჟინრებმა SLS AMG-ს ბენზინის 6.3-ლიტრიანი V8 ძრავი (რომელიც 571 ცხენის ძალას ავითარებს) მოხსნეს და მის ნაცვლად, ავტომობილი ოთხი ელექტროძრავით აღჭურვეს, რომლებიც უშუალოდ ბორბლების სიახლოვეს განალაგეს. შტუტგარტელების განცხადებით, მათ შეეძლოთ ელექტროძრავების ბორბლებში მოთავსება, თუმცა ასე დაურესორებელი წონა გაიზრდებოდა, რაც ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებზე უარყოფითად იმოქმედებდა. ასეა თუ ისე, ავტომობილი სრულამძრავიანია.
ოთხივე ძრავის ჯამური სიმძლავრე 526 ცხენის ძალას შეადგენს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 880 ნიუტონმეტრია. რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაქსიმალურ მომენტს ძრავები სტარტიდანვე ავითარებენ, რისი წყალობითაც, ავტომობილს ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები ექნება. დაკიდევ, თითო ღერძს თავისი სატრანსმისიო კვანძი ემსახურება. ”მერსედეს ბენცი” ვარაუდობს, რომ ამ ავლა-დიდებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 4 წამში მოასწრებს, რაც ელექტრომობილისთვის შესანიშნავი მახასიათებელია.
ძრავებს ელექტროენერგიით 400-ვოლტიანი ლითიუმ იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. აკუმულატორების დატენვა მუხრუჭებიდან გამომუშავებული ენერგიითაც შეიძლება. აკუმულატორების ნაწილი ავტომობილის წინ, ძრავის ადგილზე, ნაწილი სავარძლების უკან და ნაწილიც ცენტრალური გვირაბის შიგნით თავსდება. კომპანიის ინჟინერთა განცხადებით, ასე მათ ავტომობილის სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევა და წონის ოპტიმალურად განაწილება შესძლეს, რაც დადებითად იმოქმედებს ავტომობილის მანევრულობასა და სწრაფი მოსახვევების გავლისას, მის მდგრადობაზე.
სუპერ ავტომობილიდან ელექტრომობილის მისაღებად, ”მერსედესისა” და მისი შვილობილი AMG-ს ინჟინრებს საბაზო ავტომობილის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა დასჭირდათ. მთლიანად შეიცვალა წინა საკიდარი, რათა ელექტროძრავებისთვის ადგილი გამოთავისუფლებულიყო. კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა სამუხრუჭე დისკები.
თითქმის არ შეცვლილა ავტომობილის შიდა და გარე დიზაინი. ეგაა, ის მყვირალა ყვითელ ფერში (AMG ლუმილექტრიკ მაგნო) ფერში გამოეწყო. ტრადიციული გადაცემათა კოლოფის საფეხურების შემცვლელი სელექტორი სულ სამმა კლავიშმა შეცვალა, რომლებიც ვტომობილის წინ და უკან გადაადგილების ბრძანებას იძლევა, ან ის პარკირების რეჟიმში გადაჰყავს. ცენტრალურ კონსოლზე კი დიდი სენსორული მონიტორი გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კლიმატკონტროლის, სანავიგაციო და მულტიმედიური სისტემების მართვა. რაც მთავარია, მასზე გამოისახება ავტომობილის ყველა ძირითადი აგრეგატის და კვანძის მუშაობის რეჟიმები და აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის მოცულობაც.
”მერსედეს ბენცი” ჯერ არ აზუსტებს, თუ როდის აპირებს ელექტრომობილ ”SLS AMG E-სელ-ის” წარმოების დაწყებას. სავარაუდოდ, ის ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით, 2013 წელს გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment