”მიცუბიში” ელექტრომობილების ფასს შეამცირებს
Mitsubishi to cut price of electric cars
20 ივნისი
”მიცუბიში მოტორს კორპორეიშნი” იმედოვნებს, რომ 2012 წლიდან თავისი ელექტრომობილების ღირებულებას 30 პროცენტით, 2 მილიონ იენამდე (დაახლოებით 21 890 დოლარამდე) შეამცირებს. ეს კი იმის შედეგი იქნება, რომ დაიწყება ლითიუმ-იონური აკუმულატორების მასობრივი წარმოება. ეს კომპონენტი თანამედროვე ავტომობილებში ყველაზე ძვირად ფასობს და მათს მაღალ ფასს განაპირობებს.
სწორედ 2012 წლიდან ამოქმედდება აკუმულატორების მწარმოებელი ქარხანა, რომლის წარმადობაც წლიურად აკუმულატორების 70 000 ბლოკი იქნება. და თუ დღეისათვის, ასეთი აკუმულატორების ფასი 2.5 მილიონ იენს აღწევს, მასობრივი წარმოების შემდეგ, მათი ფასი 1 მილიონ იენზე დაბლა ჩამოვა.
სააგენტო ნიკეის ყოველდღიური ბიზნესგამოშვების კორესპონდენტთან საუბრისას, ”მიცუბიში მოტორსის” პრეს მდივანმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიზანია, თავის სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i-MiEV-ზე ფასი 2 მილიონ იენამდე შემცირდეს. მართალია, ამ კლასის ავტომობილისთვის, ეს მაინც ძვირი იქნება, თუმცა არა იმდენად ძვირი, როგორც ის დღეს ღირს. ცნობისათვის, გერმანიის ბაზარზე i-MiEV-ს სასტარტო ფასი 48 000 ევროა, თუმცა ამ ფასში გათვალისწინებული არაა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათები.
აღსანიშნავია, რომ ”მიცუბიში მოტორსი” ამ ელექტრომობილს თავისი ფრანგი პარტნიორების, ”პეჟოსა” და ”სიტროენისთვისაც” (შესაბამისად, იონ-ს და C-ზერო-ს) დაამზადებს. მათი ფასი კი (შეღავათების გაუთვალისწინებლად) 35 000 ევრო იქნება (შეღავათებით - 30 000 ევრო). წელსვე ფრანგული კომპანია თავისი ელექტრომობილების გაყიდვას შეუდგება.
ევროპაში უფრო ადრე დაიწყება ”მიცუბიში i-MiEV-ს” გაყიდვები, მერმისს კი ეს პატარა ავტომობილი ამერიკის ბაზარსაც ეწვევა. სხვათა შორის, ის იაპონიაში უკვე ერთი წელია, რაც იყიდება. შარშან, როდესაც იაპონურმა კომპანიამ თავის ქვეყანაში მისი გაყიდვები დაიწყო, ფასად ასტრონომიული თანხა, 4.59 მილიონი იენი დაადო. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ i-MiEV-ს მყიდველები ძირითადად ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც ამ ავტომობილს კომერციული დანიშნულებით იყენებენ. მალე კი, აკუმულატორების ფასების თანდათან კლებისა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათების წყალობით, იგივე ავტომობილი ამომავალი მზის ქვეყანაში მხოლოდ 2 მილიონი იენი ეღირება.
აკუმულატორების გარდა, ელექტრომობილების მაღალ ფასს ასევე განაპირობებს ის ფაქტიც, რომ მასობრივად არ იწარმოება შესაბამისი დანიშნულების ელექტროძრავები, დასამუხტი მოწყობილობები და სხვა კომპონენტები. ამიტომ, ”მიცუბიში მოტორსი” მათ მწარმოებლებთანაც მჭიდროდ ითანამშრომლებს, რათა მაკომპლექტებლების ფასების შემცირებას მიაღწიოს.
No comments:
Post a Comment