Thursday, October 7, 2010

სენსაცია - ”ტრაბანტის” სიჩქარემ 235 კმ/სთ-ს მიაღწია

Trabant Reaches Record Speed of 146 mph (235 km/h)

7 ოქტომბერი

ერთ დროს, აღმოსავლეთ გერმანია თავის ერთადერთ მოდელ ”ტრაბანტით” ამაყობდა. კომუნისტურ გერმანიაში ამ ავტომობილის გამოშვება 50-იანი წლების მიწურულს დაიწყეს. მას იმ დროისთვის შეიძლება აქტუალური გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე დაუძველდა და ამის მიუხედავად, წარმოების ბოლომდე შეინარჩუნა. ამასთან, ავტომობილს არქაული, ორტაქტიანი მხრჩოლავი ძრავი ამოძრავებდა. მოკლედ, პატარა ურჩხული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ასეთი თაყვანისმცემლები არიან ძმები, მაიკ და რონი ურლანდები, რომლებმაც უსახური და პრაქტიკულად უსარგებლო ”ტრაბანტისგან” სიჩქარის ნამდვილი მონსტრი შექმნეს. ვიღას გაახსენდება ძველი ”ტრაბი”, როდესაც ურლანდების მიერ მოდერნიზებული მანქანის მონაცემებს გაეცნობა - ბრიტანულ გამოცემა ”ტელეგრაფის” ცნობით, ის 235 კმ/სთ-ს ავითარებს.

არადა, ”ტრაბანტის” საუკეთესო მიღწევა 201 კმ/სთ იყო და ეს სიჩქარე გინესის რეკორდების წიგნშიც კი ჰქონდათ შეტანილი. ცნობისათვის, ორიგინალური ”ტრაბანტის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 113 კმ/სთ იყო. თავიანთი რეკორდი კი ურლანდებმა გერმანიის ქალაქ როთენბურგის აეროპორტში დაამყარეს.

ძმებმა ავტომობილის ძრავს მოდიფიკაცია თავად ჩაუტარეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ”ტრაბის” ძარა, რომელსაც აეროდინამიკური ელემენტები დაემატა. გაიზარდა ავტომობილის წინა და უკანა ბორბლების კვალი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად დაიბერა ოთხივე ფრთა, რომელთა შიგნიღაც განიერი საბურავები ჩაჯდა. რა თქმა უნდა, სპორტულ ყაიდაზე მომართეს საკიდარი, რომელიც უფრო ხისტი გახდა, მისი წყალობით კი ”ტრაბი” მოსახვევებს გაცილებით უკეთ გადის.

ავტომობილის სახურავზე ზორბა ”ლაყუჩი” გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი აპეტიტის მქონე ძრავისთვის ჰაერს აგროვებს. შეიცვალა გარეთა სარკეები - ახლებს პატარა ფართობი აქვთ, რითაც ჰაერის შემხვედრ ნაკადს ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ.

დაბოლოს, მოდიფიცირებული ”ტრაბი” ურლანდებმა ბერლინის კედლის დანგრევას და ორი გერმანიის გაერთიანების ოცი წლის იუბილეს მიუძღვნეს.

No comments:

Post a Comment