Friday, November 5, 2010

ადიო ”მურსიელაგო”

Addio Murciélago: Lamborghini Celebrates End of V12 Supercar's Production

5 ნოემბერი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ავტომობილი, რომლის შეძენასაც ძლიერნი ამა ქვეყნისა კვლავაც ცდილობენ, აღარ გამოვა - ”ლამბორგინიმ” გადაწყვიტა, რომ თავისი ფლაგმანის, სუპერ ავტომობილ ”მურსიელაგოს წარმოება შეწყვიტოს. და ამის მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი უკვე საკმაოდ მოძველდა.

ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალიურმა კომპანიამ ”მურსიელაგოს” წარმოება დაიწყო. და აი, ამ სახელის მატარებელი ბოლო ავტომობილი, რიგითი ნომრით 4099, საზეიმოდ გააცილეს სანტ’აგატა ბოლონეზეში მდებარე ფაბრიკიდან. მის შემცვლელს (სახელად ჯოტას) მერმისს, ჟენევის ავტო შოუზე ვიხილავთ და ალბათ, ”გამძვინვარებული ხარები” მასზე შეკვეთების მიღებასაც ჟენევაში დაიწყებენ. ”მურსიელაგოს” წარმოების შეწყვეტიდან, ”ჯოტას” წარმოების დაწყებამდე პერიოდში კი კომპანია თავისი საწარმოს გადაიარაღებას ჩაატარებს - სხვა თუ არაფერი, ამ ავტომობილი აწყობისას, არაერთი ახალი ტექნოლოგიის გამოყენება მოუწევთ...

ავტომობილს, რომლის რიგითი ნომერიც არის 4099, შვეიცარელ მყიდველს ეკუთვნის, რომელსაც სამუდამოდ შეუძლია იამაყოს იმით, რომ ამ შესანიშნავი მოდელის ბოლო მესაკუთრე გახდა, მოდელისა, რომელიც თუნდაც ათი წლის შემდეგაც ბევრ თავის კონკურენტს მისცემს ფორას.

ბოლო ”მურსიელაგო” არის ამ ავტომობილის მოდიფიკაცია ”LP 670-4 სუპერველოჩე”, რომელიც სტანდარტულ ვერსიაზე 100 კილოგრამით მსუბუქია და რომელსაც V12 ძრავი 670 ცხენის ძალით ამარაგებს. ავტომობილი ფორთოხლის ფერშია გაწყობილი, რომელსაც კომპანიაში ”არანჩო ატლასი” უწოდეს. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე კატაპულტირებისთვის, მას 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 342 კმ/სთ-ია.

”მურსიელაგო” ”ლამბორგინის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. შედარებისთვის, იტალიური კომპანია პოპულარულ მოდლ ”დიაბლოს” 11 წელი აწარმოებდა და სულ 2900 ცალი დაამზადა. ისე კი, ”მურსიელაგოზე” პოპულარული მასზე პატარა მოდელი ”გალიარდოა”, რომელსაც ”ლამბო” 2003 წლიდან აწარმოებს და უკვე 10 000 ცალზე მეტი აქვს გაყიდული.

”თითქმის ათი წელია, მოდელი ”მურსიელაგო” ჩვენი ბრენდის გვირგვინია და მას ბაზარზე უზარმაზარი წარმატება ჰქონდა. ეს ავტომობილი ჩვენი კომპანიის უბერებელი ფასეულობების განსახიერებაა და მას წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა”, - ბოლო ”მურსიელაგოს” გამოშვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა კომპანიის შეფმა მარტინ ვინკელმანმა.

No comments:

Post a Comment