Friday, November 5, 2010

”ბეემვემ” კონცეპტუალური ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” წარმოება გადაწყვიტა

BMW Vision Efficient Dynamics Concept Headed for Production

5 ნოემბერი

”ბეემვემ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კონცეპტუალურ ჰიბრიდულ მოდელ ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” სერიული წარმოება გადაწყვიტა. ბავარიულმა კომპანიამ ეს ავტომოვილი პირველად შარშან, ფრანკფურტის საერთაშორისო შოუზე წარადგინა.

ლაიპციგში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ეს ინფორმაცია ”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს წევრმა, კლაუს დრეგერმა გააკეთა, ვინც ახალი პროექტების განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი განცხადბით, ახალ ავტომობილს ”ბეემვეს” ევროპელი დილერები 2013 წლის ოქტომბერში მიიღებენ.

”ამ ეტაპზე, ამ ჰიბრიდული სპორტული ავტომობილის შემუშავების ადრეულ სტადიაზე ვართ. ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ გვაქვს, მას რა ტიპის ძალური დანადგარით აღვჭურვავთ. რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ძრავს შორის ვარჩევთ. გვინდა, არჩევანი იმაზე შევაჩეროთ, რომელიც ბევრი ბაზრისთვის ყველაზე მისაღები იქნება. არაა გამორიცხული, რომ ჰიბრიდულ სისტემაში, დიზელის აგრეგატი ბენზინისამ შეცვალოს”, - ამბობს დრეგერი.

ის განმარტავს, რომ ბენზინის ძრავი უფრო მისაღები ამერიკის და აზიის ქვეყნების ბაზრებისთვის იქნება, სადაც დიზელზე მეტად, სეორედ ბენზინის აგრეგატებს აფასებენ. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი ”ბეემვეს” სამოდელო გამის უმაღლეს საფეხურს დაიკავებს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით კი ყველაზე ინოვაციური იქნება - ახალი ჰიბრიდული დანადგარის გარდა, მას აეროდინამიკაც წვრილმანებამდე დახვეწილი ექნება.

დრეგერის ამ განცხადების მიუხედავად, ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” პირველი საცდელი ეგზემპლარი მაინც ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რომლითაც ის ფრანკფურტში გაგვაცნეს. მასში დიზელის 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 163 ცხენის ძალაა, დამხმარე როლს შეასრულებს. მასთან უნისონში ორი ელექტროძრავი მუშაობს, რომლებიც წინა და უკანა ღერძებს ცალ-ცალკე ემსახურებიან. თითოეულის სიმძლავრე 93 ცხენის ძალაა. ავტომობილი სრულამძრავიანი კი იქნება, თუმცა ბავარიელები მის ისეთ ვერსიასაც გამოუშვებენ, რომელსაც წამყვანი მხოლოდ უკანა ბორბლები ექნება. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდულ სისტემაში მხოლოდ ერთი ელექტროძრავი შევა.

”ბეემვეს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ავტომობილს, რომლის შასისა და ძარის წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს, შესანიშნავი დინამიკური მონაცემები ექნება. კერძოდ, სამძრავიანი ვერსია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 4 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურად შეიზღუდება და 250 კმ/სთ იქნება.

ჰიბრიდულ ავტომობილში წამყვანი ელექტროძრავებია, შიდაწვის ძრავი კი დამხმარე ფუნქციას ასრულებს და მისი დანიშნულება მხოლოდ მასთან დაკავშირებული ელექტრო გენერატორის მოძრაობაში მოყვანაა. ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენრგია მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, კომბინირებული ციკლით მუშაობისას კი სვლის სიშორე 700 კილომეტრამდე იზრდება. ამ დროს, ყოველი 100 კილომეტრის გასავლელად, ჰიბრიდული აგრეგატი დაახლოებით 4 ლიტრ საწვავს მოიხმარს (საწვავის ავზის მოცულობა 24 ლიტრია). ამ დროს, ყოველ კილომეტრზე, ავტომობილი ატმოსფეროს მხოლოდ 99 გრამი ნაშირორჟანგით დააბინძურებს. სახლის საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი ორსაათნახევარიც საკმრისია.

დრეგერს ჰიბრიდული სპორტული ავტომობილის ფასი არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, მან განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიები ძალიან ძვირი ჯდება, რაც მის ფასში აუცილებლად აისახება. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ავტომობილის ფასი 125-175 ათასი ევროს ფარგლებში მოექცევა.

No comments:

Post a Comment