Wednesday, February 2, 2011

”აუდის” უახლოესი გეგმები

Audi Design Chief Targets New Models

2 თებერვალი

ამერიკულ ინტერნეტ გამოცემა ”ინსაიდ ლაინთან” საუბრისას, ”აუდის” დიზაინის შეფმა ვოლფგანგ ეგერმა, თავისი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გერმანულმა კომპანიამ ჯერჯერობით შეაჩერა მოდელ A2-ის შემცვლელზე მუშაობა. ამ ავტომობილის დიზაინი შემუშავებულია, მაგრამ მისთვის საჭირო პლატფორმა არც თავად ”აუდის” და არც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი კომპანიების საწარმოო პროგრამაში არ ფიგურირებს. ამიტომ, პროექტი შეჩერებულია.

სამაგიეროდ გადაწყდა, რომ A2-ის ნაცვლად, ”აუდი” მთელ თავის შესაძლებლობებს ჰეჩბეკ A1-ის ბაზაზე, ახალი ავტომობილების გამოშვებას მოახმარს. ეგერის თქმით, მალე ამ ჰეჩბეკის ხუთკარიანი ვერსიის წარმოება დაიწყება, შემდეგ კი კაბრიოლეტის და ტემპერამენტიანი ვერსიის (S1) ჯერი დადგება, რომელიც სრულამძრავიანი ვერსიით აღიჭურვება. ამ უკანასკნელის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება.

გარდა ამისა, ”აუდის” ხელმძღვნელობა, ”ბეემვეს” სპორტულ ქროსოვერ X6-ის კონკურენტი მოდელის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს. ეგერის თქმით, ბავარიულ ავტომობილზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ჩინეთში დაფიქსირდა, სადაც ის განსაკუთრებით პოპულარული სუსტი სქესის მყიდველთა შორისაა. ეგერის თქმით, ”ბეემვესთან” კონკურენციისთვის ”აუდის” მალე შესანიშნავი იარაღი გამოუჩნდება უგზოობის Q3-ის სახით. ამასთან, სამოდელო გამის ექსპანსია კვლავაც გაგრძელდება და ინგოლშტადტელები ყველა იმ ნიშას შეავსებენ, რომლებშიც ბავარიელები მოღვაწეობენ.

ეგერი დასძენს, რომ ჩინეთში გაყიდვების სწრაფი ტემპით ზრდის გამო, ”აუდის” დიზაინერებს, ახალი მოდელების სტილის შემუშავებისას, მეტწილად სწორედ ამ ქვეყნის მომხმარებელთა გემოვნების გათვალისწინება უწევთ. მას მაგალითიც მოჰყავს და ამბობს, რომ ფლაგმან სედან A8-ს რადიატორის ქრომირებული ბადე სწორედ ჩინელთა გემოვნების შესაბამისად გაუკეთეს.

ცნობისათვის, შარშან ”აუდიმ” ცისქვეშეთში 228 000 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შეერთებულ შტატებში რეალიზებული ავტომობილების რაოდენობაზე თითქმის ორჯერ მეტია. ამასთან, გაყიდვების ზრდის ტემპი კვლავ შენარჩუნდება და ”აუდის” მარკეტოლოგების ვარაუდით, მალე ჩინეთი გერმანული კომპანიისთვის ყველაზე დიდი ბაზარი გახდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია კონცეპტუალურ სპორტულ მოდელ ”კვატროს” (ფოტოზე) მომავალი. ამ ავტომობილის პრემიერა შარშან, პარიზის საავტომობილო შოუზე ჩატარდა და მას საუკეთესო გამოხმაურება ჰქონდა. მაგრამ წარმოების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. სამაგიეროდ, მისმა გამოჩენამ დადებითად იმოქმედა სედან A6-ის იმიჯზე, რომლის გაყიდვებიც მთელს მსოფლიოში იზრდება. ამასთან, ეგერი იმედოვნებს, რომ ”კვატრო” ასევე დადებითად იმოქმედებს ”აუდის” მომავალი ელექტრომობილების იმიჯზეც, რომლებსაც გერმანული კომპანია შეზღუდული ტირაჟით გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment