Wednesday, February 2, 2011

ჰეჩბეკი ”შევროლე კრუზი” ევროპული დებიუტისთვის ემზადება

Cruze hatchback underlines Chevrolet's European growth ambitions

2 თებერვალი

”ჯენერალ მოტორსის” ყველაზე პოპულარულ ბრენდ ”შევროლეს”, ევროპულ ბაზარზე ამბიციური გეგმები აქვს და ძველ კონტინენტზე თავისი პოზიციების გასამყარებლად, იქ თავისი ახალი მასობრივი პროდუქტის, ხუთკარიან ჰეჩბეკ ”კრუზის” შეტანას აპირებს. ამ ავტომობილის პრემიერას კი მარტში, ჟენევის საავტომობილო შოუზე გამართავს.

”შევროლე იუროპის” მმართველი დირექტორი უეინ ბრენონი ამბობს, რომ ჰეჩბეკ ”კრუზის” დახმარებით, მისი ბრენდი, ევროპის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს. ცნობისათვის, ძარის ტიპი ჰეჩბეკი ყველაზე პოპულარულია ევროპაში, სადაც გაყიდვების დაახლოებით 65 პროცენტი სწორედ ამ ტიპის ძარიან ავტომობილებზე მოდის. ევროპის ყველაზე გაყიდვადი ჰეჩბეკი კი წლების განმავლობაში, ”ფოლკსვაგენ გოლფია”.

ჰეჩბეკ ”შევროლე კრუზის” სერიული ვერსია პრაქტიკულად ისეთივე იქნება, როგორიც მისი კონცეპტუალური ვერსიაა, რომლის მსოფლიო პრემიერაც შარშან, პარიზის ავტო შოუზე შედგა. რაც შეეხება მის სედანისძარიან ვერსიას, ბაზარზე ის 2009 წელს განოჩნდა და შარშან გაყიდვების მოცულობით, ისეთ პოპულარულ ავტომობილსაც კი გადაასწრო, როგორიც სუბკომპაქტური ”შევროლე ავეოა”. ცნობისათვის, მანამდე ”ავეო” ”შევროლეს” ყველაზე გაყიდვადი გლობალური ავტომობილი იყო.

ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ჰეჩბეკი ”კრუზი’ იმ საფასო სეგმენტში ჩაჯდება, რომელიც ”შევროლეს” შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ მას ხელმისაწვდომი ფასი ექნება. ამ ავტომობილის ფასი ჟენევური პრემიერის შემდეგ გამოცხადდება. გენერლები იმედოვნებენ, რომ მალე ”შევროლეს” ევროპული გაყიდვები გაორმაგდება, რაშიც ”კრუზის” გარდა დიდ როლს ქროსოვერის ტიპის მინივენი ”შევროლე ორლანდოც” ითამაშებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა საკრიზისო შეღავათები გააუქმეს, ამერიკული ბრენდის ორი პოპულარული მინი მოდელის - ”ავეოსა” და ”სპარკის” გაყიდვები შემცირდა.

”შევროლე კრუზი” ”ჯენერალ მოტორსის” ლამბდა პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც ასევე ”ოპელ ასტრაცაა” ბაზირებული. ავტომობილს მშვილდის მოყვანილობის სახურავი აქვს, რაც მას დინამიურ იერს ანიჭებს. ძარის მზიდი სისტემის კონსტრუქციის (BFI ბოდი ფრეიმ ინტეგრალ - სივრცული ინტეგრალური აგებულება/ჩარჩო) წყალობით, ის ისეთივე ხისტია, როგორიც ოთხკარიანი სედანი ”კრუზი”. ავტომობილს საკმაოდ დიდი საბარგული აქვს, რომლის მოცულობაც 400 ლიტრია. უკანა სავარძლების დაკეცვის (სამიდან ორი იკეცება) შემთხვევაში კი მოცულობა უფრო იზრდება.

ჰეჩბეკ ”შევროლე კრუზისთვის” ძრავების ფართო გამაა გათვალისწინებული. მასში შევა ბენზინის 1.6 (113 ცხ.ძ და 153 ნმ) და 1.8-ლიტრიანი (141 ცხ.ძ და 176 ნმ) ოთხცილინდრიანი აგრეგატები. ტოპ ვერსია კი 2.0-ლიტრიანი დიზელით აღიჭურვება, რომელიც 150 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული.

No comments:

Post a Comment