Wednesday, February 2, 2011

”მახ 7 ფალკონი” - ახალი ამერიკული სუპერავტომობილი

Mach 7 Falcon, the New American Supercar

2 თებერვალი

დღეს, როდესაც ”კრაისლერს” ლეგენდარული ”დოჯ ვაიპერის” წარმოება შეწყვეტილი აქვს, ”ჯენერალ მოტორსი” კი ”შევროლე კორვეტის” მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს სჯერდება, ამერიკაში ადგილობრივი სუპერავტომობილების ნიშა პრაქტიკულად ცარიელია. ამ სიცარიელის შევსებას კი პატარა კომპანიები, თავიანთი შესაძლებლობების კვალობაზე ცდილობენ.

ასეთთა შორისაა ”მახ 7 მოტორსპორტსი”, რომელმაც დეტროიტის წლევანდელ შოუზე, საკუთარი კონსტრუქციის სუპერავტომობილი - ”ფალკონი” წარმოადგინა და ბევრის მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ადრე ”მახ 7 მოტორსპორტსი” სწორედ ”დოჯ ვაიპერის” ტუნინგით იყო დაკავებული, მაგრამ საქმე რომ შემოაკლდა, საკუთარი ავტომობილების წარმოება გადაწყვიტა.

”ვაიპერის” ყოფილი ტუნერი კია, მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ თავისი ”შევარდნისთვის” (ფალკონი სწორედ შევარდენს ნიშნავს) ”ჯენერალ მოტორსის” წარმოების, LS9 სერიის, 6.2-ლიტრიანი V8 აგრეგატი გამოიყენა, რომლითაც ამ უკანასკნელის ”შევროლე კორვეტ ZR1-ია” აღჭურვილი. მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, ძრავი 640 ცხენის ძალას ავითარებს. რამდენია მისი მაქსიმალური მომენტი, ამაზე მწარმოებელი სდუმს. ამ ძრავით ”ფალკონის” ტოპ ვერსია აღიჭურვება. ისე კი, საბაზო ვერსია LS3 V8 აგრეგატს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც ”მხოლოდ” 500 ცხენის ძალაა.

ავტომობილი ალუმინისგან ფორმირებულ შასის ეყრდნობა, მისი ძარა კი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ”ფალკონი” 1293 კილოგრამს იწონის. ორადგილიანი ავტომობილი 20-დუიმიანი ბორბლებითაა აღჭურვილი, რომლებიც ”მიშლენის” საბურავებით შეიმოსა.

რამდენადაც ”ფალკონი” ჯერაც პროტოტიპის დონეზეა და საგზაო ტესტები ჯერ არ გაუვლია, მისი დინამიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა ”მახ 7-ის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მის ”შევარდენს” ”დოჯ ვაიპერზე” უარესი მონაცემები არ ექნება. ეს კი ნიშნავს, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.5 წამზე მეტი არ უნდა მოანდომოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ის ფარგლებში უნდა იყოს.

”მახ 7 მოტორსპორტსი” ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის დაიწყებს თავისი ”შევარდნის” წარმოებას. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია კი გვატყობინებს, რომ კომპანია წლიურად მხოლოდ მხოლოდ 14 ცალ ავტომობილს გამოუშვებს, თითოეულის ღირებულება კი 200 000 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment