Wednesday, February 2, 2011

”ალფა რომეო” ხელმისაწვდომ კუპეს ჟენევაში გვიჩვენებს

Alfa Romeo plans an 'affordable' halo car

2 თებერვალი

ალფა 4C GTA გარეგნულად შეიძლება კონცეპტუალურ ალფა დუეტოტანტას დაემსგავსოს, რომელიც მილანელებმა ჟენევაში შარშან გვიჩვენეს
..............................

”ალფა რომეო” ახალი საიმიჯო ავტომობილის წარმოებას გეგმავს. კრიზისში მყოფი იტალიური კომპანია იმედოვნებს, რომ შესაბამისი კონცეპტუაური მოდელის ჟენევის ავტო შოუსთვის მომზადებას მოასწრებს. წინასწარი ვარაუდით, ახალი ავტომობილის (4C GTA) საბაზო ღირებულება 40 000 ევრო უნდა იყოს.

”ალფა რომეო” ხელმისაწვდომ, უკანაძრავიან ავტომობილს, სახელად ”დუეტო სპაიდერს”, ადრეც უშვებდა, მაგრამ მისი წარმოება 1994 წელს შეწყვიტა. არადა, ასეთ ავტომობილზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა და მილანური მარკის ენთუზიასტები დიდხანს ელოდნენ ძველი მოდელის შემცვლელს.

ალფა 8C კომპეტიციონე

..............................

2007 წელს, მილანელებმა კუპე ”8C კომპეტიციონეს” წარმოება დაიწყეს, მაგრამ ის მეტისმეტად ძვირი ღირდა და მცირე რაოდენობითაც დამზადდა. მაგალითად, მისი ღია ვერსია 213 000 ევრო ღირდა და მხოლოდ 1 000 ცალი დამზადდა. ბუნებრივია, ამ მიზეზების გამო, ის საიმიჯო ავტომობილად ვერ გამოდგა. არადა, შესანიშნავი დიზაინით კი გამოირჩეოდა.

4C GTA-ს წარმოების დაწყებას ”ალფა რომეო” მერმისს აპირებს, რისთვისაც ”ფიატ-ის” რომელიმე ქარხანას გამოიყენებს. მილანური კომპანიის ორმა წარმომადგენელმა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა, რომ ხუთ წელიწადში სულ 20-25 ათასი ცალი 4C GTA-ს წარმოება იგეგმება.

”ფიატ-ის” ასევე ინკოგნიტო წარმომადგენელის თქმით, პატარა კუპე ამერიკის ბაზარზეც შეიძლება გაიყიდოს, თუმცა ამის თაობაზე, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა. იგივე წყარო ადასტურებს, რომ ”ალფა რომეო” აღნიშნულ კუპეზე მუშაობს, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ ჟენევისთვის შეიძლება კონცეპტუალური ვერსიის დასრულება ვერ მოესწროს. ამ შემთხვევაში, მისი პრემიერა ფრანკფურტის შოუსთვის გადაიწევს.

KTM X-ბოუ

..............................

4C GTA ”ფიატ-ის” ტურინულ სტილის ცენტრში მუშავდება. ”აუტომოტივ ნიუს იუროპის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონცეპტუალური კუპე სწრაფმავალი, ძალიან კომპაქტური, ორადგილიანი ავტომობილი იქნება და პოტენციურ მყიდველს დახვეწილი, აგრესიული გარეგნობითაც მიიზიდავს. სხვათა შორის, ”ალფა რომეოს” ენთუზიასტი ბლოგების მიერ, ადრე გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს, ამ ავტომობილის დიზაინს ”ალფა რომეოსთვის” ატელიე ”პინინფარინა” ამუშავებდა.

უნდა ითქვას, რომ იტალიური კომპანიისთვის, 2012 წელი მეტად მნიშვნელოვანი იქნება - საშუალო ზომის მოძველებულ სედან 159-ს ახალი ”ჯულია” შეცვლის. დაიწყება 4C GTA-ს და მილანური კომპანიის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილის წარმოება, რომელიც შემდეგი თაობის ”ჯიპ კომპას/პეტრიოტის” ბაზაზე აიგება.

კომპაქტურ კუპე 4C GTA-ს მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ”ალფა რომეოს” შოურუმებში მყიდველი მიიზიდოს, რომელიც იქ ”ჯულიას” და უგზოობის მოდელის ყიდვას გადაწყვეტს. სხვათა შორის, ამ ორ მოდელზე ”ფიატ-ის” საავტომობილო ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იმედოვნებს, რომ სწორედ ამ ორი ავტომობილის წყალობით, ”ალფა რომეოს” გაყიდვები მალე ნახევარ მილიონამდე გაიზრდება. ცნობისათვის, შარშან ”ალფას” გაყიდვები 10.2 პროცენტით, 112 000 ავტომობილამდე გაიზარდა, რასაც ხელი ჰეჩბეკ ”ჯულიას” გაყიდვების დაწყებამ შეუწყო.

კუპე 4C GTA-ს წარმოებისთვის, ”ალფა რომეო” ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. შასი და ძარა კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგან დამზადდება. იტალიური კომპანია იმედოვნებს, რომ ავტომობილი 850 კილოგრამზე მძიმე არ გამოვა. ამასთან მისი წონისა სიმძლავრის ფარდობა დაახლოებით 3.5 კგ/ცხ.ძ-ზე უნდა იყოს. არადა, მას მბიძგველ ძალას 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი მიანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 250 ცხენის ძალა იქნება. შედარებისთვის, ”პორშე კაიმანი” 1 275 კილოგრამს იწონის, მისი ძრავის სიმძლავრე კი 320 ცხენის ძალაა. შესაბამისად, წონის და სიმძლავრის ფარდობა ამ შემთხვევაში 3.98 კგ/ცხ.ძ-ია.

შასის წარმოებაში, ”ალფა რომეოს” სარბოლი ტექნიკის მწარმოებელი იტალიური კომპანია ”დალარა” ეხმარება. 4C GTA-ს პლატფორმა, მოტოციკლების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია KTM-ის ექსტრემალურ ორადგილიან ”X-ბოუს” პლატფორმის მოდერნიზებული ვარიანტია. შასის მთავარი მზიდი ნაწილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ორადგილიანი კოკპიტია, რომელსაც წინ და უკან, ალუმინისგან დამზადებული სუბ-ჩარჩოები აქვს მიერთებული. მათზე საკიდარი და ძრავი მაგრდება. ამასთან, ამ სუბ-ჩარჩოებს, შეჯახების შემთხვევაში, დარტყმის ენერგიის ნაწილობრივ შთანთქმაც ევალება.

დაბოლოს, აბრევიატურა GTA ”გრან ტურიზმო ალეჯერიტას” ნიშნავს, რაც ჩვენებურად დიდი ტურიზმის შემსუბუქებულ ვარიანტია. იტალიურმა კომპანიამ ეს აბრევიატურა ბოლოს კომპაქტურ ჰეჩბეკ 147-ის შემსუბუქებული ვერსიისთვის გამოიყენა.

No comments:

Post a Comment