Sunday, March 6, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

6 მარტი

ჰიუნდაი i40

ბოლო წლებში, „ჰიუნდაი“ განუხრელად ზრდის თავის ბიზნესს და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან კორეული კომპანია თანდათან სულ უფრო აფართოებს თავის სამოდელო გამას. ამის დასტურის ხილვა ჟენევის ავტო შოუზე შეიძლება, სადაც „ჰიუნდაის“ სტენდზე სამი ახალი ავტომობილი დგას. ესენია უგზოობის კონცეპტუალური „ქარბი“, წარმოებისთვის მომზადებული კუპე „ველოსტერი“ და უახლესი უნივერსალი i40.

„ჰიუნდაის“ მთავარი სიახლე სწორედ i40-ია, რადგან პირველი ორის მსოფლიო პრემიერა მანამდე, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ეს D სეგმენტის პირველი ავტომობილია, რომელიც კორეულმა კომპანიამ თავის ევროპულ ცენტრში (რიუსელსჰაიმი, გერმანია) შეიმუშავა. ამ ავტომობილმა ძველი, ჯერაც პოპულარული „სონატა“ უნდა შეცვალოს და მისი სედანისძარიანი ვერსია ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.

რა თქმა უნდა, i40 „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც „თხევადი სკულპტურის“ სახელითაა ცნობილი. მისი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი ექვსკუთხა რადიატორია, რომელიც შუაში ბამპერითაა გაყოფილი. სალონში კომფორტის გასაზრდელად, არაერთი ისეთი სისტემაა გამოყენებული, რომლებიც ჩვეულებრივ, პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებში გვხვდება. მაგალითად, წინა და უკანა სავარძლების, ასევე საჭის რგოლის გამათბობელი და საქარე შუშის დაორთქვლის საწინააღმდეგო აქტიური სისტემა, რომელიც თავად ხვდება, რომ შუშა დაორთქლილია და მაშინვე მის გამათბობელს რთავს.

i40 საწვავის ეკონომიური მოხმარებითაც გამოირჩევა. გამოფენაზე წარმოდგენილი ეგზემპლარი 1.7-ლიტრიანი დიზელითაა აღჭურვილი, რომლის კოდური სახელწოდებაცაა UII. პრემიერის მიუხედავად, „ჰიუნდაიმ“ ამ ავტომობილის ძრავების მახასიათებლების გამხელა ჯერ არ ისურვა. თუმცა, სიამაყით გამოაცხადა, რომ აღნიშნული აგრეგატი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

დაკიდევ, „ჰიუნდაი“ i40-ის მყიდველს ეგრეთ წოდებული ხუთწლიანი სამმაგი ზრუნვის საგარანტიო პაკეტს შესთავაზებს. სამი ზრუნვიდან ერთი ისაა, რომ გარანტიის პერიოდში, გავლილი მანძილი შეუზღუდავია; მეორე ამავე პერიოდში გზებზე დახმარებას ითვალისწინებს; მესამე კი ამავე პერიოდში უფასო ტექშემოწმებას გულისხმობს.

No comments:

Post a Comment