Sunday, March 6, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

6 მარტი

სეატ IBX

ესპანური კომპანიის სამოდელო გამაში ჯერაც ვერ ნახავთ ქროსოვერს. არადა, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ სხვა ყველა სერიულ მწარმოებელს, მსგავსი ავტომობილების წარმოება, დიდი ხნის დაწყებული აქვს. თანაც, ამ ტიპის მანქანებზე მოთხოვნა ევროპაში თანდათან იზრდება. სწორედ ამ ნიშის შევსებას ცდილობს ახლა „სეატი“, რომელმაც ჟენევაში კონცეპტუალური ქროსოვერი IBX წარადგინა.

ჯერჯერობით, ესპანური კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილის სერიული წარმოება გადაწყვეტილი არ აქვს. თუმცა აღიარებს, რომ საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს. და თუ ასეა, მაშინ პირველი სიახლე, რომელიც მისი მარკით ბაზარზე უნდა გამოვიდეს, სწორედ ქროსოვერის ტიპის ავტომობილი უნდა იყოს.

თუ IBX-ის ზომებს გადავხედავთ (სიგრძე 4.26 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, სიმაღლე 1.62 მეტრი), გამოდის, რომ ის მონათესავე „ფოლკსვაგენ ტიგუანზე“ პატარაა და ახლოსაა ევროპაში ძალიან პოპულარულ „ნისან ქაშკაისთან“. ამასთან, კონცეპტუალური ავტომობილი ორკარიანია და თუ მისი წარმოება მაინც გადაწყდა, კიდევ ორი კარი აუცილებლად დაემატება.

რაც შეეძლება კონცეპტის აღჭურვილობას, ისევე როგორც სხვა სადემონსტრაციო ავტომობილები, IBX-იც ელექტროძრავით და ლითიუმ-იონური აკუმულატორებითაა აღჭურვილი, რომელთა სპეციფიკაციებიც არ გამოქვეყნებულა. ითქვა მხოლოდ ის, რომ ელექტროძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს, აკუმულატორების ბლოკის ტევადობა კი მხოლოდ 45 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. თუმცა, არც ესაა მთავარი, რადგან ამ მანქანის სერიული ვერსია აუცილებლად შიდაწვის ძრავებით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment