Monday, March 28, 2011

„ასტონ მარტინმა“ შეიძლება „მაიბახის“ წარმოება დაიწყოს

Aston Martin Could Build Future Maybachs
28 მარტი

„ასტონ მარტინმა“ და „მერსედეს ბენცმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ისინი ერთობლივას შეიმუშავებენ ინგლისური კომპანიისთვის სედან „ლაგონდას“ და გერმანულისთვის - ახალ „მაიბახს“. ამ ორმა კომპანიამ თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ შარშან მოილაპარაკა, თუმცა მაშინ კონკრეტული გეგმები არ გამოქვეყნებულა.

ცნობილია, რომ უკვე 5 წელზე მეტია, რაც „ასტონ მარტინი“ ყველა თავისი მოდელისთვის ერთსადაიმავე პლატფორმას (VH) იყენებს, რომელიც „ფორდთან“ ერთად შეიმუშავა. მაგრამ დიდი ზომის სედანებისა და უგზოობის (ორივე ლაგონდასთვის) წარმოებისთვის, ეს პლატფორმა არ გამოდგება. ახალი პლატფორმის შესამუშავებლად კი, ინგლისურ კომპანიას სახსრები არ გააჩნია. ამის გამო, მან პარტნიორის ძიება დაიწყო.

სანამ შტუტგარტულ გიგანტს დაუკავშირდებოდა, „ასტონ მარტინმა“ „ბეემვესთან“ მოლაპარაკება სცადა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა სამქიმიანებს, რომლებსაც თავის მხრივ, „ასტონი“ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად დასჭირდათ. თუ „ასტონი“ ძველი მოდელის გაცოცხლებას ახლა აპირებს, შტუტგარტელების პრობლემას უკვე აღდგენილი „მაიბახი“ წარმოადგენს, რომელსაც დიდი ხანია, განახლება სჭირდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ასტონ მარტინი“ თავისი ახალი პარტნიორის უკვე არსებული პლატფორმით ისარგებლებს და სამაგიეროდ, მას ახალი „მაიბახის“ შემუშავებაში დაეხმარება.

სხვათა შორის, „მაიბახის“ მაეკით, ბოლოს ახალი ავტომობილი 2002 წელს გამოვიდა. ის დიდი ხანია, შესაცვლელია და იმის გამო, რომ პრაქტიკულად, სახეშეცვლილი S-კლასის „მერსედესია“, მყიდველთა შორის კარგი მოთხოვნით არ სარგებლობს. ის იმდენად მცირე რაოდენობით იყიდება, რომ „დაიმლერს“ ამ მარკის კვლავ გაუქმებაც კი ჰქონდა გეგმებში, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყდა „მაიბახის“ შველა. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ ამ მარკის ავტომობილებზე მოთხოვნა ჩინეთში გაიზარდა.

იმისათვის, რომ წარმოების ხარჯი შემცირდეს, ახალი „მაიბახიც“ S-კლასის „მერსედესის“ პლატფორმაზე აიგება, თუმცა ძარას, ინტერიერს და სხვადასხვა მოწყობილობას მისთვის ინგლისურ კომპანიაში შეიმუშავებენ. უფრო მეტიც, მალე „მაიბახების“ წარმოებას „ასტონ მარტინის“ გეიდონის საწარმო შეუდგება. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის ხელთ არსებული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, „მაიბახის“ საწარმოო დანახარჯები დაახლოებით განახევრდება.

სამაგიეროდ, „ასტონ მარტინს“ იმავე S-კლასის „მერსედესის“ პლატფორმის გამოყენების საშუალება ექნება და ის მასზე „ლაგონდას“ მოდელებს დაამყნობს. პლატფორმასთან ერთად, ბრიტანელებისთვის ხელმისაწვდომი გერმანული ძრავები, ტრანსმისიები და უსაფრთხოების სისტემებიც გახდება. გარდა ამისა, „ასტონი“ ასევე შეძლებს „მერსედესის“ იმ პლატფორმის გამოყენებას, რომელზე სამქიმიანები თავიანთ უგზოობის მოდლებს აწარმოებენ.

No comments:

Post a Comment