Monday, March 28, 2011

„სანიონი“ „გოლფის“ კლასის კონცეპტუალურ მოდელს გვიჩვენებს

SsangYong KEV2

28 მარტი

სამხრეთკორეული საავტომობილო კომპანია „სანიონი“ თავისი სამოდელო გამის გაფართოებას აპირებს. ამის ნიშანია ის, რომ მან სეულის (სამხრეთ კორეა) საავტომობილო შოუსთვის, რომეოიც 1 აპრილს დაიწყება, „გოლფის“ კლასის კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა. ეს კი იმის ნიშანია, რომ უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანია თავისი საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებას იწყებს.

კონცეპტუალური ავტომობილი საზოგადებას აბრევიატურა KEV2-ით გაეცნობა. კორეულ საინტერნეტო გამოცემა „ბობედრიმი“ იტყობინება, ეს ავტომობილი მოდელ „კორანდოს“ პლატფორმაზეა აგებული. KEV2-ის გარდა, „სანიონი“ სეულის გამოფენის დამთვალიერებლებს, ასევე თავის განახლებულ ფლაგმანს, სედან „ჩეარმენს“ და „კორანდოს“ ელექტრულ ვერსიას უჩვენებს.

გამოფენის დაწყებამდე, ამ ორი ავტომობილის შესახებ, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, „სანიონმა“ კონცეპტუალური ავტომობილის და მისი ინტერიერის ფოტო ტიზერები მაინც გაავრცელა. კორეული გამოცემა ვარაუდობს, რომ სედანი „ჩეარმენი“ ისევ „მერსედეს ბენცის“ წარმოების ექვს და რვაცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.

უნდა ითქვას, რომ KEV2 ელექტრომობილია და სავარაუდოდ, მომავალში „სანიონი“ თავის „გოლფის“ კლასის ავტომობილს, ელექტრული ძალური აგრეგატებითაც აღჭურვავს. ესეც რომ არა, კორეული კომპანია „კორანდოს“ ელექტრული ვერსიის წარმოებასაც აპირებს. ამდენად, კონცეპტუალური KEV2 ორმხრივად საინტერესო იქნება. ჯერ ერთი, მისი მეშვეობით, მომავალი ელექტრული „კორანდოს“ აღჭურვილობის გაცნობა მოხდება. მეორეც, მისი სახით, „სანიონის“ მომავალ ახალ ავტომობილის პროტოტიპს ვნახავთ.

წინასწარი მონაცემებით, ელექტრული „კორანდო“ 160-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. ამ ბლოკის ტევადობა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ელექტრომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 170 კილომეტრზე მეტი გაიაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ იქნება. აკუმულატორებს სრულად დამუხტვისთვის რვა საათი დასჭირდება.

სხვათა შორის, „სანიონი“ კიდევ ერთ ელექტრომობილს (სვლის გაზრდილი სიშორის, როგორიცაა შევროლე ვოლტი) ამზადებს, რომელიც „კორანდოზე“ პატარაც იქნება და უფრო სუსტი, 107-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება. ამ ავტომობილის ძალურ სისტემაში ასევე შევა მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი, რომლის დანიშნულებაც, გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავებაა. სამაგიეროდ, აკუმულატორების ტევადობა, ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება. იმდენად ნაკლები, რომ მათში დაგროვილი ენერგია, ავტომობილს მხოლოდ 60 კილომეტრს ფაატარებს. სამაგიეროდ, შიდაწვის აგრეგატის წყალობით, სვლის სიშორე 400 კილომეტრამდე გაიზრდება.

No comments:

Post a Comment