Sunday, April 3, 2011

სეულის ავტო შოუზე „ჰიუნდაიმ“ კონცეპტუალური „ბლიუ2“ წარადგინა

Hyundai Unveils Blue2 Concept in Seoul

3 აპრილი

სეულის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე, რომელიც ტარდება დევიზით „ევოლუცია, მწვანე რევოლუცია ბორბლებზე“, „ჰიუნდაიმ“ ეკოლოგიურად სუფთა კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომლის სახელიცაა „ბლიუ2“ (წაიკითხეთ ბლიუ სქვეარ) და რომელიც, გარდა იმისა, რომ არატრადიციულ ტექნოლოგიას იყენებს, იმითაცაა საინტერესო, რომ მისი სახით, კორეული კომპანია თავის მომავალ კორპორატიულ სტილს გვიჩვენებს.

ჯერ ვთქვათ ის, რომ კონცეპტუალური ავტომობილის სახელი, „ჰიუნდაის“ ეკოლოგიურ სუბ ბრენდ „ბლიუ დრაივისა“ და წყალბადის აღნიშვნის (H2) კომბინაციაა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ავტომობილში ენერგიის წყაროდ წყალბადს იყენებენ.

„ბლიუ2“ საშუალო ზომის სედანია, რომელიც 120-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ამას კი ენერგიით წყალბადის ბაზაზე მომუშავე ფიჭური ელემენტები კვებავს. ამ ელემენტებში, წყალბადსა და ჟანგბადს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციის შედეგად, ელექტროენერგია წარმოიქმნება, რომელსაც აკუმულატორების ბლოკი და ძრავი ღებულობს.

ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 2.8 ლიტრი წყალბადი ჰყოფნის, გამონაბოლქვი კი მხოლოდ წყლის ორთქლია. „ბლიუ2-ის“ ეკოლოგიურობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ მისი ინტერიერის გასაწყობად, ეკოლოგიურად სუფთა მასალებია გამოყენებული. დაკიდევ, ავტომობილი შემცირებული ცვეთის მქონე საბურავებზე დგას, რაც ძრავის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს.

კონცეპტუალური ავტომობილი ასევე აღჭურვილია ელექტრონული სისტემით, რომელიც პატრონის მიახლოებას გრძნობს და მას კარის გაღებით ესალმება. უკანა ხედვის სარკეები ვიდეოკამერებითაა შეცვლილი. მესამე კამერა კი ავტომობილის სახურავზეა დამაგრებული და ის უკანა სივრცის პანორამულ გამოსახულებას იძლევა. სალონში გამოყენებულია მონიტორები, რომლებიც ორგანული შუქდიოდებითაა დამზადებული.

„ჩვენ არ გვინდა, რომ „ჰიუნდაი“ მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანია იყოს. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ეს ბრენდი საყოველთაო პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი პარტნიორად გვთვლიდეს. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ კომპანია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესი ამოძრავებს. ჩვენ უწყვეტად გავაგრძელებთ მსოფლიო კლასის, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას, რაც ბაზარზე შექმნილი რთული სიტუაციების დაძლევაში და ამ სირთულეების გამოწვევად აღქმაში გვეხმერება. ყველაფერი ეს კი იმის შედეგია, რომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მყიდველის რჩევებს და მათს სურვილებს ვითვალისწინებთ“, - კონცეპტუალური ავტომობილის წარდგენისას განაცხადა „ჰიუნდაი მოტორის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტივ იანგმა.

მაკო Monella

No comments:

Post a Comment