Monday, April 25, 2011

„რენო“ ელექტრულ „ზოის“ ბესტსელერად აქცევს

Renault Vows to Make Zoe a Best-Seller

25 აპრილი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ელექტრომობილების პოპულარიზაციას აფერხებს, მათი სიძვირეა. მალე „რენო“ ბაზარზე ოთხ ელექტრომობილს გამოიტანს და იმედოვნებს, რომ მათი მეშვეობით, ამ ტიპის ავტომობილებისადმი მყიდველთა დამოკიდბულებას რადიკალურად შეცვლის. უფრო მეტიც, ფრანგული კომპანიის მარკეტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „ზოი“ თავიდანვე პოპულარული გახდება.

ამ ოპტიმიზმის საფუძველს კი „ზოის“ დაბალი ფასია. ის ბაზარზე მერმისს გამოჩნდება და ევროპაში 15 000 ევროს ფარგლებში ეღირება. დაახლოებით იგივე ფასი უნდა ჰქონდეს დიზელის ძრავით აღჭურვილ შემდეგი თაობის „კლიოს“. შედარებისთვის, დღეისათვის ბაზარზე მხოლოდ ერთი სუფთა ელექტრომობილია - „ნისან ლიფი“ და ისიც 31 000 ევრო ღირს.

„ზოის“ სიგრძე 4.10 მეტრია. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც 80 ცხენის ძალას და 222 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურადაა შეზღუდული 135 კმ/სთ ნიშნულზე, რაც იმის გამო გაკეთდა, რომ ასე ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია უფრო ეკონომიურად იხარჯება.

ერთი სრული დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 160 კილომეტრი გაიაროს, ამისათვის საჭირო ელექტროენერგია კი სულ რაღაც, 2 ევრო დაჯდება (ევროპაში). ეს კი დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რაც იგივე მანძილის გასავლელად საჭირო საწვავის შესაძენად, დიზელისძრავიანი „კლიოს“ პატრონს დასჭირდება.

„რენოს“ განცხადებით, „ზოის“ აკუმულატორების დამუხტვის სამი ტიპი არსებობს: პირველია სტანდარტული, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება. სწრაფად დამმუხტავით, 10 წუთში აკუმულატორები იმდენად შეივსება, რომ „ზოიმ“ დაახლოებით 60 კილომეტრის გავლა შეძლოს. მესამე ტიპი აკუმულატორების სწრაფ შეცვლას ითვალისწინებს, რასაც დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

რა აძლევს ფრანგულ კომპანიას იმის საშუალებას, რომ ელექტრომობილი ასე იაფად გაჰყიდოს? პასუხი მარტივია - აკუმულატორების ლიზინგით გაცემა. ანუ, ავტომობილის ფასში, მისი აკუმულატორების ღირებულება გათვალისწინებული არაა. მათს საფასურს მყიდველი თანდათან, ელექტრომობილის ექსპლუატაციის პროცესში გადაიხდის. ლიზინგის ღირებულება არც ისე ბევრია - თვეში 70 ევრო.

ფრანგული კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელი პატრიკ პელატა ამბობს, რომ პირველ ხანებში, წლიურად 150 000 „ზოის“ წარმოება იგეგმება. თუმცა წარმოების მოცულობა გაორმაგდება, თუ ბაზარი ამას მოითხოვს. პელატა იმედოვნებს, რომ ასეც იქნება, რადგან თუნდაც ლიზინგის ღირებულების გათვალისწინებით, ელექტრომობილის ექსპლუატაცია, შიდაწვისძრავიან ანალოგებთან შედარებით, გაცილებით იაფი დაჯდება.

ცუდია ის ფაქტი, რომ სვლის მოკრძალებული სიშორის გამო, „ზოი“ ქალაქგარეთ შორეული მგზავრობისთვის არ გამოდგება. თუმცა „რენო“ გვპირდება, რომ ამ ავტომობილის ისეთ ვერსიებსაც გამოუშვებს, რომლებსაც ეს მონაცემი გაზრდილი ექნება. შესაბამისად, ალბათ მისი აკუმულატორების ლიზინგის პირობები შეიცვლება (გაძვირდება).

No comments:

Post a Comment