Monday, May 9, 2011

„ბეემვე“ მალე ჰიბრიდული X5-ის გაყიდვას დაიწყებს

BMW X5 ActiveHybrid

9 მაისი

ინტერნეტ ჟურნალ „ავტობლოგის“ ჰოლანდიური შტო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამ წლის ბოლოს, „ბეემვე“ თავის პოპულარულ უგზოობის მოდელ X5-ის ჰიბრიდული ვერსიის გაყიდვას დაიწყებს.

ამ ავტომობილს უკვე დასრულებული აქვს საგზაო ტესტების სრული კურსი, თუმცა მის შესახებ ბავარიელები ინფორმაციას ჯერ პრაქტიკულად არ ავრცელებენ. თუმცა, მათი მიერ ბოლო ორ წელიწადში წარმოდგენილი კონცეპტუალური ჰიბრიდების (სერია ექტივჰაივრიდ) მიხედვით, ახალ ავტომობილზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა შეიძლება.

X5-ის ჰიბრიდული ვერსია აღიჭურვება ძალური სისტემით, რომელშიც დიზელის ძრავი, ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური ელემენტების კომპაქტური ბლოკი შევა. ამ ავტომობილის და მისი აგრეგატების ტექნიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ 2008 წლის ჟენევის ავტო შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური ჰიბრიდი, 204-ცხენისძალიანი ტურბოდზელისა და ელექტროძრავის კომბინირებული სისტემითაა აღჭურვილი. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 6.5 ლიტრი საწვავი სჭირდება და ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროს 170 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ჰიბრიდული X5-ის წარმოებას ბავარიელები მალე დაიწყებენ, მისი მსოფლიო პრემიერა კი, სავარაუდოდ, ფრანკფურტის ავტო შოუზე (სექტემბერში) გაიმართება. მაშინვე წერტილი დაესმება ყველა ვარაუდს და გერმანული კომპანია, ამ ავტომობილის შესახებ, ფასის გარდა, ყველა ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ფასი კი გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

ცნობისათვის, შანჰაის ავტო შოუზე, „ბეემვემ“ სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის მომზადებული ჰიბრიდული მე-5 სერიის სედანის პროტოტიპის პრემიერა ჩაატარა. ეს ავტომობილი 215-ცხენისძალიანი ტურბოძრავით და 94-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც საბარგულის ქვეშაა მოთავსებული. მასში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მარტო ელექტროძრავით, შეუჩერებლად 70 კილომეტრზე მეტი გაიაროს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე ამ დროს მხოლოდ 60 კმ/სთ იქნება.

No comments:

Post a Comment