Monday, May 9, 2011

„კონტინენტალი“ ფეხით მოსიარულეებზე ზრუნავს

Continental developing stereo cameras to cut down pedestrian injuries

9 მაისი

საავტომობილო საბურავების და მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია „კონტინენტალმა“, უსაფრთხოების ახალი სისტემა (კონტიგარდ) შეიმუშავა, რომელიც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გასაზრდელადაა განკუთვნილი. ის დამოუკიდებლად აღმოაჩენს მძღოლისთვის უხილავ ზონაში მყოფ ფეხმავალს და საჭიროების შემთხვევაში, მანქანის დამუხრუჭებასაც უზრუნველყოფს.

„კონტინენტალის“ მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ გერმანიაში მომხდარი საგზაო შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, ფეხმავალთა ტრავმირებას, ან დაღუპვას იწვევს. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპაში, ავტომობილების უსაფრთხოებაზე ტესტირებისას, ხუთვარსკვლავიანი შეფასება ავტომობილს არ ეძლევა, თუ ის ფეხმავლების უსაფრთხოების სისტემებითაც არაა აღჭურვილი.

„ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემები, რომლებიც ავარიების თავიდან აცილებისთვისაა მოწოდებული, ნებისმიერ სიტუაციაში, სახიფათო სიტუაციებისას, მძღოლს სერიოზულ დახმარებას გაუწევს. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალ საშუალებებს, რომლებიც ავტომობილის გარშემო არსებული სივრცის მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს“, - „კონტინენტალის“ შასის და უსაფრთხოების დივიზიონის პასიური უსაფრთხოების განყოფილების შეფი ანდრეას ბრანდი.

„კონტინენტალის“ ახალი სისტემა ორი კამერისგან მიერ მიღებულ გამოსახულებებს სტერეო რეჟიმში აღიქვამს და რაც მთავარია, თვალთახედვის არეში მოძრავ ფეხმავლებს აფიქსირებს, რომლებსაც შესაძლოა, მძღოლი ვერც ხედავდეს. ამასთან, მათი გადაადგილების მიმართულებასა და სიჩქარესაც განსაზღვრავს. და თუ სისტემა განსაზღვრავს, რომ ფეხმავალი შეიძლება მანქანის წინ მოულოდნელად აღმოჩნდეს, მაშინ ის მძღოლისგან დამოუკიდებლად აჩერებს მანქანას.

ვიდეოკამერები ფეხმავალს მარტო კი არ აფიქსირებენ, არამედ მის სიმაღლესა და სიშორესაც საზღვრავენ. სხვათა შორის, ერთ კამერას ადამიანის დაფიქსირება დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მანძილსა და მის სიმაღლეს ზუსტად ვერ დაადგენს.

სისტემა სხვა ვარიანტებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, ფეხმავალი მეტისმეტად ახლოსაა და ინტენსიური დამუხრუჭების შემთხვევაშიც კი, მასთან შეჯახება გარდაუვალია. ამ შემთხვევაში, სისტემის ვიდეოკამერები მოსალოდნელი ინციდენტის არეალს აფიქსირებენ, ელექტრონული ტვინი კი განსაზღვრავს, რა მანევრი უნდა შეასრულოს, რომ შეჯახება თავიდან აირიდოს. ანუ, მას საჭის მექანიზმის კონტროლიც შეუძლია.

სისტემა „კონტიგარდი“ ჯერ შემუშავების სტადიაშია, თუმცა მას ახლავე შეუძლია იმ ოპერაციების შესრულება, რომლებზეც ზემოთ მოგიყევით. ასე რომ, შორს არც ის დროა, როცა მას სერიული ავტომობილების მწარმოებლებიც გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment