Saturday, June 25, 2011

888 ცხენის ძალა „ფერარი FF-სთვის“

Ferrari FF Tuned by DMC to Produce 888 HP
25 ივნისი
ახლახანს „ფერარიმ“ თავის ისტორიაში პირველი სრულამძრავიანი სუპერ ავტომობილი - FF გამოუშვა, რომელსაც ჰეჩბეკივით მოჭრილი კუდი აქვს და ცხენების საკმაოდ დიდი რემა ემსახურება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებდა გერმანულ სატუნინგო კომპანია „DMC ტუნინგს“, რომელმაც მისი კიდევ უფრო სრულყოფა და გაძლიერება გადაწყვიტა. შედგად იშვა 888-ცხენისძალიანი მონსტრი, რომელსაც ბევრი სარბოლი ავტომობილისთვის ფორის მიცემა შეუძლია.
თავისი 6.3-ლიტრიანი V12 აგრეგატით, რომელიც 660 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, FF ნამდვილი გლადიატორია, თუმცა „DMC ტუნინგის“ სპეციალისტებმა ის ნამდვილ მაქსიმუსად აქციეს, რომელსაც გაცილებით დიდი „მისიების“ შესრულება ხელეწიფება. სახელადაც მას „მაქსიმუსი“ ეწოდა...
სანამ გლადიატორი გენერლობას მიაღწევდა, ის დიეტაზე დასვეს და 70 კილოგრამი დააკლებინეს, რისთვისაც მისი ძარის ბევრი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგან დაამზადეს. ავტომობილის გარეგნობაში ზოგიერთი ელემენტიც შეიცვალა. მაგალითად, გაფართოებულია რადიატორი, რომელსაც ორივე კიდეში მცირე ლაყუჩები აქვს მიბმული - აქედან წინა მუხრუჭები გაგრილებისთვის საჭირო ჰაერს ღებულობს. ფორმა შეუცვალეს უკანა ბამპერს, რომლის ქვესაც ზორბა დიფუზორი მოთავსდა. შეიცვალა უკანა ანტი ფრთა. ამ ყველაფრის წყალობით, ავტომობილი, რომელიც შავ მქრქალ ფერში გამოეწყო, აბჯარში ჩამჯდარ ნამდვილ რომაელ სარდალს დაემსგავსა.
მთავარი ისაა, რომ „DMC ტუნინგი“ მარტო ავტომობილის კოსმეტიკური შელამაზებით არ შემოიფარგლა. შეიცვალა ძრავის კვების სისტემა, რომელშიც სტანდარტული ფრქვევანები უფრო ეფექტურით და დიდი ზომისათი შეიცვალა. ძრავი თუ ადრე ატმოსფერული იყო, ამიერიდან მას მექანიკური დამჭირხნი ემსახურება, რომელსაც თავის მხრივ, გაგრილების მძლავრი სისტემა დასჭირდა. ასევე შეიცვალა შემშვები და გამომშვები სისტემები. ყველაფერ ამის საბოლოო შედეგი ისაა, რომ ძრავის სიმძლავრემ სამ რვიანს მიაღწია.
„DMC ტუნინგი“ ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტის შესახებ არაფერს გვეუბნება. სამაგიეროდ, ამაყობს იმით, რომ მის მიერ მომზადებულ „მაქსიმუსს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.2 წამში (სტანდარტულ FF-ს 3.7 წამში) შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს (სტანდარტულისაა 335 კმ/სთ) აღწევს.
„DMC ტუნინგი“ მაქსიმუსის ფასს არ აქვეყნებს, თუმცა ბჭობა არ სჭირდება იმას, რომ ეს გლადიატორყოფილი გენერალი სოლიდური თანხა ეღირება.

No comments:

Post a Comment