Saturday, June 25, 2011

„ნისან ლიფ ნისმო RC“ - ელექტრომობილი რბოლებისთვის

Nissan Leaf NISMO RC: Purpose Built Track Racer
24 ივნისი
9 ივნისი, სარტეს ავტოდრომი - ეს დღე საავტომობილო სამყაროს ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება, რადგან სარბოლ ტრასაზე პირველად გამოვიდა რბოლებისთვის სპეციალურად მომზადებული ელექტრომობილი „ნისან ლიფ ნისმო RC“. მის საჭესთან კი, არც მეტი, არც ნაკლები, ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი და მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი, ჯონი ჰერბერტი იჯდა.
სამი წრის შემდეგ, ჰერბერტმა აქო და ადიდა ეს ავტომობილი და ბოლოს დასძინა: „ეს ნამდვილი სარბოლი მანქანაა და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში, ამ ტიპის ავტომობილებით, საინტერესო შეჯიბრები ჩატარდება“. ორი დღის შემდეგ, ლე მანის 24-საათიანი რბოლის სტარტამდე, ამავე მანქანით, ტრასაზე ერთი სადემონსტრაციო წრე „ნისანის“ მეორე კაცმა - აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა კარლოს ტავარესმაც გაიარა. ამ საჩვენებელ გამოსვლას კი, არც მეტი, არც ნაკლები, 100 000 მაყურებელი ჰყავდა.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პირველ სერიულ ელექტრომობილ „ნისან ლიფის“ სპორტული ვერსიის მომზადებით, იაპონურ კომპანიას იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება სურდა, რომ ელექტრომობილს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ყველაფერში შეცვლა შეუძლია. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას ტემპერამენტიც საკმაოდ კარგი აქვს.
გარეგნულად „ნისმოს“ (ეს კომპანია ნისანის ავტომობილების სრულყოფაზეა სპეციალიზებული) ელექტრული სპორტსმენი, სამოქალაქო „ლიფისგან“ საკმაოდ განსხვავდება. მისი ძარა აეროდინამიკურად უფრო დახვეწილია. თანაც, ის კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ძარის წინა და უკანა ნაწილები მოსახსნელია, უკან ანტი ფრთაა დამაგრებული, რომელიც სალონიდან, მოძრაობის დროსაც რეგულირდება. ამასთან ძარას არ აქვს უკანა კარები. სალონიც გამარტივებულია - ამოღებულია უკანა სავარძლები, სანავიგაციო და აუდიოსისტემა, ფარდაგები და კომფორტისთვის განკუთვნილი სხვა დეტალები. სამაგიეროდ, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკმა და ელექტროძრავმა ბაზაში გადმოინაცვლა, რითაც ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა შუისკენ გადაიწია.
გარდა ამისა, სარბოლ „ლიფს“ დაახლოებით 100 მილიმეტრით მოკლე ბაზა აქვს, სამოქალაქოზე 20 მილიმეტრით გრძელი, 190 მილიმეტრით განიერი და თითქმის 340 მილიმეტრით დაბალია. უფრო მეტიც, გზასთან მისი დაშორება სულ რაღაც, 60 მილიმეტრია. დაკიდევ, სარბოლო ავტომობილი 938 კილოგრამს იწონის, რაც სამოქალაქო ვერსიის წონაზე დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებია.
სარბოლი „ლიფი“ იმავე ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რითაც სამოქალაქო. ძრავის სიმძლავრე 107 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 280 ნიუტონმეტრია. თუმცა, მბიძგველი ძალა ავტომობილის წინას კი არა, უკანა წამყვან ბორბლებს გადაეცემა. გარდა ამისა, ავტომობილი წყვილ „ჩანგლიან“ (ყოველი ბორბლისთვის) საკიდარზე დააყენეს, მუხრუჭების ბალანსი კი ინტერიერიდან რეგულირდება. ბორბლები 18-დუიმიანია და ისინი „ბრიჯსტოუნის“ წარმოების P225/40R18 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
„ნისანის“ მონაცემებით, სარბოლ ელექტრომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.85 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ია. ამასთან, აკუმულატორის ტევადობა მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ ავტომობილმა სარბოლ რეჟიმში 20 წუთი იაროს.
რა ტქმა უნდა, ავტომობილი საცდელი ნიმუშია, რომლითაც „ნისანი“ სხვადასხვა სერიის გამორჩეული რბოლების წინ, სადემონსტრაციო გამოსვლებს გეგმავს. ამასთან, ამ გამოსვლების დროს, ინჟინრები ასეთი მანქანების შესაძლებლობებს შეისწავლიან.

No comments:

Post a Comment