Monday, June 13, 2011

„ბეემვემ“ ახალი პირველი სერია გვიჩვენა


2012 BMW 1-Series Unveiled
13 ივნისი

ამ ავტომობილს ბაზარი წელს ელოდა, თუმცა ის ასე ადრე თუ გამოჩნდებოდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. მაგრამ სწორედ ასე მოხდა - გერმანულ ინტერნეტ გამოცემა „მოტორ ტრაფიკის“ დახმარებით, ბავარიელებმა თავიანთი პირველი სერიის მეორე თაობის მოდელის ფოტოების „გაჟონვა“ მოაწყვეს, რამდენიმე დღეში კი მის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს.









დებიუტისთვის, „ბეემვემ“ ახალი პირველი სერია, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით წარმოგვიდგინა. თუმცა, ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ მალე ბაზარზე სამკარიანი ჰეჩბეკი, კუპე, კაბრიოლეტი და არაა გამორიცხული, სპორტბეკისძარიანი გრან ტურიზმოც მოჰყვეს. შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის ავტომობილი ბავარიელებმა პირველად მე-5 სერიის მოდელის ბაზაზე შექმნეს, ახლა კი იგივეს მე-3 სერიის ბაზაზეც ამზადებენ. ასე რომ, ლოგიკურად, მალე პირველი სერიის ჯერიც დადგება...








ახალი ავტომობილის საქარხნო კოდური სახელწოდებაა F20 და ის ახალი თაობის მე-3 სერიის მოდელის, იგივე F30-ის პლატფორმაზეა ბაზირებული. შესაბამისად, წინამორბედთან შედარებით, ზომებში მომატებულია. კერძოდ, სიგრძეში 85 მილიმეტრით (4 324 მილიმეტრამდე), სიგანეში 17 მილიმეტრით (1 765-მდე) მოიმატა, სიმაღლე კი უცხვლელი (1 421 მმ) დარჩა. 30 მილიმეტრით (2690-მდე) არის გაზრდილი ბორბლებს შორის ბაზა. შესაბამისად, 51 და 72 მილიმეტრით არის გაზრდილი წინა და უკანა ბორბლების კვალი. „ბეემვე“ გვამცნობს, რომ უკანა სავარძლების მგზავრების მუხლებისთვის ადგილი 21 მილიმეტრითაა გაზრდილი. 30 ლიტრით (360-მდე) გაიზარდა საბარგულის მოცულობა.
ახალი პირველი სერიის დიზაინი ბავარიელთა მტავარ დიზაინერ ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შემუშავდა. პირველივე შეხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა პირველი თაობის „ერთიანის“ ევოლუციური ვარიანტი, რომელიც უფრო მკვეთრი და აგრესიული ფორმებით გამოირჩევა. განსაკუთრებულ აღნიშვნას კი ავტომობილის წინა ნაწილი იმსახურებს, სადაც ყველაზე მეტად, უფრო დახვეწილი ფორმის რადიატორი საბორბლე თაღებამდე წაგრძელებული ფარები გამოირჩევა, რომლებიც შიდა მხარეს წაწვეტებულია.







ინტერიერზეც იგივეს თქმა შეიძლება. ანუ, ის წინა თაობის ავტომობილის ევოლუციური ვარიანტია. აქ თვალში საცემია ზორბა ცენტრალური კონსოლი, რომელზეც შეცვლილი ფორმის სიჩქარეთა გადამრთველსაც შენიშნავთ. ახალია საჭის რგოლის ფორმაც. საერთოდაც, სალონის გასაფორმებლად, მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. ამასთან, მცირე დეტალებიც კი საგულდაგულოდაა დამუშავებული. ოპციის სახით, ბავარიელები ამ ავტომობილის მყიდველს, თავიანთ უახლეს სისტემა „აიდრაივს“ შესთავაზებენ, რომელშიც მაჩვენებლების დაფის ცენტრალურ, ზედა ნაწილში მოთავსებული დასაკეცი მონიტორი შედის.
დიდი სიახლეა ავტომობილის კაპოტქვეშა სივრცეში. ესაა ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი. ის ფორსირების ორი ხარისხით შემუშავდა. პირველია 116i, რომლის სიმძლავრეც 136 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 220 ნიუტონმეტრი. მეორე ძრავი უფრო მძლავრია - 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილის ინდექსია 118i. საბაზო ძრავით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 8.5 წამში აკრეფს (მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია), უფრო მძლავრი აგრეგატით კი სტანდარტული აჩქარების დრო 7.4 წამია (მაქსიმუმი 225 კმ/სთ). რაც შეეხება საწვავის ხარჯს, პირველის შემთხვევაში, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრზე 5.5-5.7 ლიტრია, მეორეს შემთხვევაში კი - 5.8-5.9 ლიტრი.
თუ დიზელი გირჩევნიათ, რა თქმა უნდა, ასეთი აგრეგატით აღჭურვილი პირველი სერიის შეძენაც შეიძლება. ამ შემთხვევაში საბაზოა ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატი. ამ შემთხვევაში, არჩევანი უფრო დიდია, რადგან ამ ძრავს ფორსირების სამი დონე აქვს. 116d-ს აიმძლავრე 116 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 260 ნიუტონმეტრია, 118d 143 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, 120d კი - 184 ცხენის ძალას და 380 ნმ-ს. ამ უკანასკნელის დახმარებით, „პირველს“ ადგილიდან ასის აკრეფა 7.2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 228 კმ/სთ-ს აღწევს. ამასთან, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, სულ რაღაც, 4.5-4.6 ლიტრი საწვავი ჰქოფნის.







გარდა ამისა, ბავარიელები გვპირდებიან, რომ პირველი სერიის 116d-ს „ეფიშნტდაინემიქსის“ ვერსიითაც შემოგვთავაზებენ. ამ შემთხვევაში საბაზოა 116-ცხენისძალიანი 1.6-ლიტრიანი დიზელი, რომელთან ერთადაც, ავტომობილი საწვავის დამზოგავი ტექნოლოგიებითაცაა აღჭურვილი. საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვის მაჩვენებლები ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა მწარმოებელი გვპირდება, რომ ევროკავშირის სატესტო პროგრამით შემოწმებისას, ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროს 99 გრამ ნახშირორჟანგზე მეტით არ აბინძურებს.
პირველი სერიის ტოპ ვერსია, ინდექსით 128i, 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით შეცვლის, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავიც ახალია და ის ექვსცილინდრიან (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) 3.0-ლიტრიან აგრეგატს შეცვლის, რომლის მაქსიმუმი 258 ცხენის ძალაა (ავტომობილის ინდექსი 130i). „ბეემვეს“ არ დაუზუსტებია, პირველი სერიის სამოდელო გამაში, რომელიმე ავტომობილი კიდევ მიიღებს თუ არა ექვსცილინდრიან (ერთრიგა ცილინდრებით) ძრავს. პოპულარულ ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ვარაუდით, ასე აღარ მოხდება - მსოფლიო ავტოინდუსტრიის ტრენდი ძრავების ლიტრაჟის და ცილინდრების რაოდენობის შემცირებაა. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული, რომ მალე ბავარიელებმა „ერთიანისთვის“ სამცილინდრიანი ძრავიც კი გაიმეტონ...
რაც შეეხება ტრანსმისიებს, საბაზოა 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, თუმცა მყიდველს კომპანია ZF-ის მიერ შემუშავებული 8-საფეხურიანი კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებსაც შესთავაზებენ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც C სეგმენტის (გოლფ კლასი) ავტომობილი ასეთი მრავალსაფეხურიანი კოლოფით აღიჭურვება.
დაბოლოს, ახალ „ერთიანს“ ბავარიელთა ლაიპციგური ქარხანა გამოუშვებს. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე ჩატარდება. გაყიდვებიც ფრანკფურტშივე დაიწყება. „ბეემვე“ იმედოვნებს, რომ მეორე თაობის პირველი სერია, წინაზე პოპულარული გახდება.

No comments:

Post a Comment