Wednesday, June 15, 2011

„მაიბახის“ ბედი მალე გადაწყდება

Mercedes to Decide on Maybach Future on July 1st
14 ივნისი


რამდენიმე თვის წინ, „დაიმლერმა“ და „ასტონ მარტინმა“ მიაღწიეს წინასწარ გარიგებას, რომლის შესაბამისადაც, ინგლისური კომპანია თავისი პარტნიორისთვის, მისი ლუქსის კლასის ბრენდ „მაიბახის“ ახალი მოდელების შემუშავებას კისრულობდა, თავად კი პარტნიორის უგზოობის ავტომობილების პლატფორმებს გამოიყენებდა.


მაგრამ როგორც ჩანს, გერმანულ კომპანიას ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს, როგორ მოექცეს „მაიბახს“ - გააგრძელოს მისი ემბლემით „როლს როისისა“ და „ბენტლის“ კონკურენტების წარმოება, თუ ეს სახელოვანი მარკა ისევ ისტორიას ჩააბაროს.
„დიდი ალბათობაა იმისა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და თუ ასე მოხდა, ბაზარი მეორე თაობის „მაიბახსაც“ იხილავს. ოღონდ, ამისათვის საჭიროა, რომ საქმეში პარტნიორი კომპანია იყოს ჩაბმული“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ და დასძინა, რომ მისი კომპანია საბოლოო გადაწყვეტილებას 1 ივლისს გამოაქვეყნებს.
ბევრს გაუკვირდა, როცა „დაიმლერმა“ „მაიბახის“ საშველად, პოტენციურ კონკურენტ „ასტონ მარტინს“ მიმართა. თუმცა, ინგლისური კომპანია ავტომობილებს მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს და ამდენად, გერმანულ გიგანტს შიში არ უნდა ჰქონდეს იმისა, რომ მის ტექნოლოგიებს, რომლებიც აღნიშნული კოოპერაციის შედეგად „ასტონ მარტინისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება, ამას მისსავე წინააღმდეგ საკონკურენციოდ გამოიყენებს.
რაც შეეხება „ასტონ მარტინს“, მისი ინტერესიც გასაგებია - ინგლისური კომპანია მალე მივიწყებული სახელის - „ლაგონდას“ აღდგენას აპირებს და ამისათვის, რამდენიმე ახალი პლატფორმა და აგრეგატი სჭირდება. დამოუკიდელად მათი შემუშავება მეტისმეტად ძვირია და ეს გეიდონელების შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომ, „მერსედეს ბენცის“ არსებული მოდელების პლატფორმები მათთვის მისწრება იქნება.
ცნობისათვის, „ლაგონდას“ ბრენდით „ასტონ მარტინი“ პირველ რიგში, უგზოობის მოდელის წარმოების დაწყებას აპირებს, რისთვისაც ახალი M-კლასის, ან მომავალი GL-კლასის პლატფორმას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, „ასტონი“ თავის საწარმოო პროგრამას გააფართოებს - კომპანია იმედოვნებს, რომ მისი წარმოების წლიური მოცულობა 6 000 ავტომობილს მიაღწევს. ეს კი „დაიმლერისთვის“ ხიფათის შემქმნელი ნამდვილად არაა.
დაბოლოს, როგორც ცეტშე ამბობს, ახალი „მაიბახის“ კონცეპცია უკვე მზადაა და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მისი განხორციელებაც დაუყოვნებლივ დაიწყება. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ თავის დროზე, „დაიმლერმა“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც „მაიბახის“ აღდგენა გადაწყვიტა და შესაბამის პროექტს 1 მილიარდი დოლარი მოახმარა.
ესოდენ უზარმაზარი ინვესტიციის შედეგი კი მეტისმეტად მოკრძალებულია - შარშან „მაიბახის“ მარკით მხოლოდ 157 ავტომობილი (რომლებიც S-კლასის მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აგებული) გაიყიდა. არადა, როცა „მაიბახის“ აღდგენა დამტკიცდა, „დაიმლერი“ იმედოვნებდა, რომ ამ მარკით კონკურენციას „როლს როისსა“ (ბეემვეს ოჯახის წევრია) და „ბენტლის“ (ფოლკსვაგენის ჯგუფში შედის) გაუწევდა.

No comments:

Post a Comment