Wednesday, June 22, 2011

„მაზერატის“ ქროსოვერი „გრანდ ჩეროკის“ მძლავრი ძრავით აღიჭურვება

Maserati SUV to GET HEMI V8 from Jeep Grand Cherokee SRT8
22 ივნისი


დიდი ხანია, საავტომობილო სამყარო „მაზერატისგან“ სრულამძრავიან ავტომობილს, უფრო ქროსოვერის ტიპისას ელის. ეს მოლოდინი 8 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც იტალიურმა კომპანიამ კონცეპტუალური „კუბანგ GT ვაგონი“ (ფოტოზე) გვიჩვენა. და როგორც ჩანს, მალე ეს მოლოდინი ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოსვლით დაგვირგვინდება.
საქმე ისაა, რომ „ფიატის“ და „კრაისლერის“ გაერთიანების შემდეგ, იტალიურ ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის „მაზერატისაც“, პლატფორმების და აგრეგატების დიდი არჩევანი მიეცათ. და თუ ადრე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „გვირგვინოსნების“ ქროსოვერი შეიძლებოდა 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით გამოსულიყო, ახლა კომპანიას ამაზე გაცილებით მძლავრ და სასურველ აგრეგატზე მიუწვდება ხელი, ისეთზე, როგორიცაა 6.4-ლიტრიანი „ჰემი“ V8, რომელსაც ამერიკული კომპანია „ჯიპ გრანდ ჩეროკის“ SRT მოდიფიკაციაზე იყენებს.
სხვათა შორის, „ფიატ-ის“ და „კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს ნათქვამი აქვს, რომ „მაზერატი“ უგზოობის ავტომობილის წარმოებას მერმისს დაიწყებს. ოღონდ, ეს იტალიაში კი არა, ამერიკაში, „კრაისლერის“ ჯეფერსონ ნორთის (დეტროიტი, შტატი მიჩიგანი) ქარხანაში მოხდება.
სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი „ჯიპ გრანდ ჩეროკის“ პლატფორმაზე აიგება. ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის „ფერარის“ წარმოების ძრავით აღიჭურვებოდა. მაგრამ ეს მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. ყველაზე ლოგიკური ვარიანტი ისევ „კრაისლერის“ „ჰემი“ V8 არის. მართალია, ამით „მაზერატის“ ავტომობილი ევროპულობას დაკარგავს, მაგრამ სამაგიეროდ, ფასით ის კონკურენტული იქნება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „გრანდ ჩეროკის“ ჯერაც ბევრი საერთო აქვს M-კლასის „მერსედესთან“...
„მაზერატის“ უგზოობის ავტომობილისთვის მომზადებული ძრავის სიმძლავრე 465 ცხენის ძალა იქნება. თუ ამ აგრეგატის სოლიდურ ლიტრაჟს გავითვალისწინებთ, ეს არც ისე ბევრია. თუმცა, ახალ ავტომობილს სრულად დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, როგორც გამოცემა „ტოპ გიარ“ ვარაუდობს, ახალი ავტომობილი დზელის 3.0-ლირიან V6 აგრეგატსაც მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 240 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 550 ნიუტონმეტრი იქნება.

No comments:

Post a Comment