Saturday, June 18, 2011

„მერსედეს ბენც SLS AMG როდსტერი“

Mercedes SLS AMG Roadster Now Official
18 ივნისი

„მერსედეს ბენცი“ თავის სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს ღია ვერსიის პრემიერას ფრანკფურტის ავტო შოუზე აპირებს, თუმცა მანამდე სამი თვით ადრე, ამ ავტომობილის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ავტო შოუს შემდეგ კი მასზე შეკვეთების მიღებას დაიწყებს.

რა თქმა უნდა, კუპე SLS AMG-სა და მის ღია ვარიანტს, სახურავი განასხვავებს. როდსტერის შემთხვევაში, ეს არის დასაკეცი სამფენოვანი ნაჭრის კონსტრუქცია, რომელშიც ასევე ალუმინის, მაგნიუმის და ფოლადის დეტალებიც შედის. სახურავი ავტომატურად იკეცება - როცა მანქანის სიჩქარე 50 კმ/სთ-ს არ აღემატება, ელექტროჰიდრავლიკური სისტემა სახურავს 11 წამში კეცავს, ან ხსნის.
სახურავი სამ ფერში სრულდება. მყიდველს სპილოსძვლისფერ, შავ და წითელ ფერში გაწყობილ სახურავს შესთავაზებენ. სხვათა შორის, დაკეცვის შემდეგ, სახურავი საბარგულში ადგილს ფაქტობრივად არ იკავებს. ამის შედეგად, კუპესა და როდსტერის თითქმის ტოლი მოცულობის საბარგული აქვთ (173 ლიტრი როდსტერს, 176 ლიტრი - კუპეს). დაკიდევ, იმის გამო, რომ როდსტერს მყარი სახურავი არ აქვს, ავტომობილის ორივე კარი ჩვეულებრივია და არა ეგრეთ წოდებული „თოლიას ფრთის“ კონსტრუქციისა, რომელიც ისტორიულად, მოდელ SLS-ს გამოარჩევს. სხვათა შორის, არსებობს ვარაუდი, რომ ახალ კუპესაც თოლიას ფრთების კონსტრუქციის კარები არ ექნება.
იმის გამო, რომ ავტომობილს არ აქვს სახურავი და უკანა საყრდენი, შტუტგარტელ ინჟინრებს ძარის სპეციალური გასამტკიცებელი კონსტრუქციის დამატება დასჭირდათ, რათა ძარას გრეხვაზე სათანადო სიხისტე ჰქონოდა. ეს მით უფრო სასურველი იყო, რომ ავტომობილი მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი. მზიდი ელემენტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებული როლი მიენიჭა სავარძლებს შორის არსებულ სატრანსმისიო გვირაბს, ცენტრალური კონსოლის კონსტრუქციას და საქარე მინის ჩარჩოს. გამსხვილდა წინა საყრდენები, სავარძლებსა და ავზს შორის კონსტრუქციას დამატებითი ძგიდე დაემატა.
მართალია, სიხისტის და სიმტკიცის გასაზრდელად, ძარის კონსტრუქციას დამატებითი ელემენტებითი ელემენტები დაერთო, თუმცა მისი წონა, კუპესაზე მაინც მხოლოდ ორი კილოგრამით დამძიმდა და 243 კილოგრამამადე გაიზარდა. და მაინც, როდსტერი კუპეზე 40 კილოგრამით მძიმეა და ის 1660 კილოგრამს იწონის.
როდსტერი აღჭურვილია ადაპტირებადი სპორტული საკიდარით, რომელსაც მუშაობის სამი რეჟიმი (კომფორტი, სპორტი და სპორტ პლუსი) აქვს და ეგრეთ წოდბული სისტემა „ეარშარფით“, რომელიც მძღოლის და მისი ერთადერთი მგზავრის კისრებს გაციებისგან თბილი ჰაერის სუსტი ჭავლით იცავს. ღია „მერსედესებისთვის“ დამახასიათებელი ამ სისტემის გარდა, როდსტერის სტანდარტულ აღჭურვილობაში ასევე ბევრი დამხმარე სისტემა შედის. მათ შორისაა: AMG-ს წარმოების სავარძლები, რომლებშიც გამათბობლებია ინტეგრირებული, გატაცების საწინააღმდეგო სისტემა, ინტერიერის მონიტორინგის სისტემა, ავტომატური ორზონიანი კლიმატ კონტროლი და უგასაღებო სისტემა „კეილესგო“, რომელიც ძრავის ღილაკით დაქოქვის საშუალებას იძლევა.
და, რა თქმა უნდა, ძრავის შესახებ: ის როდსტერს ზუსტად ისეთივე აქვს, როგორიც კუპეს. ესაა 6.3-ლიტრიანი V8, რომელიც 571 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავი წინა ღერძის უკანაა მოთავსებული, მას კი ორდისკოიანი ქუროს დახმარებით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი უკავშირდება. ამ აგრეგატების წყალობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე (ელექტრონული სისტემით შეზღუდული) კი 315 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment