Friday, July 1, 2011

„ბენტლიმ“ გაყიდვები 20 პროცენტით გაზარდა

Bentley's Half-year Sales Up by 20%
1 ივლისი
„ბენტლიმ“ თავისი გაყიდვები პირველ ექვს თვეში (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) 20 პროცენტით გაზარდა. ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ამის მიუხედავად, მარკეტოლოგები თვლიან, რომ ის ვერ შეედრება მთლიანად ავტოინდუსტრიის ზრდის ტემპს.
ნახევარ წელიწადში „ბენტლიმ“ მყიდველებს 2987 ავტომობილი მიაწოდა. გაყიდვების ზრდა მეტწილად, ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია - ცისქვეშეთში გაყიდვების 57-პროცენტიანი მატებაა დაფიქსირებული. სულ კი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში ექვს თვეში 680 „ბენტლი“ გაიყიდა, ეს კი ბრიტანული კომპანიისთვის რეკორდული (ჩინეთში) მაჩვენებელია.

გაყიდვები ასევე იზრდება ევროპასა და ამერიკაში. ძველ კონტინენტზე გაყიდვების მატებამ 25 პროცენტს მიაღწია და 494 ავტმობილი შეადგინა. ამერიკაში კი ზრდა ოდნავ ნაკლებია, გაყიდვები კი თითქმის ორჯერ მეტი - 907. ბრიტანეთსი გაყიდვების უმნიშვნელო ზრდა (6 პროცენტი) არის დაფიქსირებული. თუმცა იქ „ბენტლის“ ავტომობილები 533-მა ადამიანმა შეიძინა. და მაინც, ასეთი მცირე ზრდის მიუხედავად, „ბენტლიმ“ ალბიონის ქვეყანაში, ბაზრის სუპერ ავტომობილების სეგმენტში თავისი წილი გაზარდა.
გაყიდვები მცირედით შემცირდა ახლო აღმოსავლეთში, რისი მიზეზიც, ამ რეგიონის რიგ ქვეყნებში (ეგვიპტე, სირია, კუვეიტი, ბაჰრეინი) პოლიტიკური არასტაბილურობაა. აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში კი გაყიდვები ძლიერაა შემცირებული, რისი მიზეზიც იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამია.
„ბენტლის“ მთავარი აღმასრულებელი ვოლფგანგ დიურჰაიმერი ამბობს, რომ წელს მისი კომპანია თავის მყიდველს რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს, რაც გაყიდვების შემდგომი ზრდის საწინდარი იქნება. ის დარწმუნებულია, რომ ეს ტრენდი შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment