Friday, July 1, 2011

შვეიცარული ელექტრომობილი ლე მანისთვის ემზადება

Green GT to race hydrogen-powered LMPH2 to Le Mans 2012
1 ივლისი
ლე მანის წლევანდელი 24-საათიანი რბოლის დაწყებამდე, მაყურებელთა წინაშე ეგრეთ წოდებული მომავლის (ვერს ლე ფუტურ) ავტომობილები წარსდგნენ, რომლებმაც სარტეს ტრასაზე საჩვენებელი წრე შეასრულეს. რა თქმა უნდა, ამ აქციის მიზანი, იმ ტიპის ავტომობილების ჩვენება იყო, რომლებიც არცთუ შორეულ მომავალში, მსოფლიოს გზებს გაავსებენ.

ლე მანზე სადემონსტრაციო გამოსვლაში შვეიცარულ კომპანია „გრინ GT-ს“ ელექტრონული ღია სპორტული პროტოტიპი „LMP H2 ელექტრიკიც“ მონაწილეობდა, რომლისთვისაც ეს ერთჯერადი გასეირნება არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მომავალი სეზონის რბოლაში, ეს ავტომობილი ოფიციალურად მიიღებს მონაწილეობას.
ლე მანის რბოლის ორგანიზატორმა, კომპანია ACO-მ (აუტომობილ კლუბ დე ლ’ოუესტ - დასავლეთის საავტომობილო კლუბი), მომავალი წლის რბოლაში სპეციალური, ექსპერიმენტული კლასი დაუშვა, რომელშიც სხვა კონცეპტუალურ ავტომობილებთან ერთად, მონაწილეობას შვეიცარული სარბოლი ელექტრომობილიც მიიღებს.
ავტომობილის სახელწოდებაში H2 წყალბადის აღმნიშვნელია. სწორედ წყალბადია ის ელემენტი, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი საჭირო ენერგიას მიიღებს. LMP H2 წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებშიც ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება. წყალბადის შესანახად ორ ავზს გამოიყენებენ, რომლებშიც საწვავი 700 ბარი წნებით იქნება ჩატუმბული. სრულად ავსებულ ავზებში 12 კილოგრამი წყალბადი მოთავსდება. სავარაუდოდ, ავტომობილი აღიჭურვება ელექტროძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 408 ცხენის ძალა იქნება. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ რეალური ტექნიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ ლე მანის რბოლისას მის საჭეს გამოცდილი იტალიელი მრბოლი კრისტიან პესკატორი მიუჯდება. სხვათა შორის, მას ლე მანის რბოლაში ექვსჯერ უასპარეზია, სებრინგის 12-საათიანი რბოლა კი ორჯერ მოიგო და ამდენჯერვე მეორე ადგილზე დაასრულა. რბოლამდე, პესკატორი მანქანის სრულყოფაში მიიღებს მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment