Monday, July 11, 2011

„ბეემვე“ სამი კომპრესორით

2014 BMW M3 Will Have 3.3-liter Tri-turbo With 450 HP
10 ივლისი
გაგიგიათ რამე ისეთი ძრავის შესახებ, რომელსაც ერთბაშად სამი კომპრესორი ემსახურება? ასეთ რამეს ჯერჯერობით არცერთი საავტომობილო კომპანია არ აწარმოებს. თუმცა, მალე პიონერიც გამოჩნდება და ამ საპატიო მისიას „ბეემვე“ შეასრულებს.

ბავარიელებმა ავტობიზნესში მოღვაწეობა ოთხცილინდრიანი ძრავებით დაიწყეს და ცილინდრების რაოდენობას თანდათან, პოპულარობის და ბიზნესის ზრდის კვალობაზე უმატებდნენ. ასე მიაღწიეს V8 და უფრო მეტცილინდრიან ძრავებამდე. თუმცა შემდეგ ავტოინდუსტრიაში ტენდენცია შეიცვალა და ახლა ყველა ეკონომიური, მაქსიმალურად ეფექტური ძრავების წარმოებას ცდილობს. შესაბამისად, ლიტრაჟი და ცილინდრების რაოდენობაც მცირდება. რა თქმა უნდა, ამ ტრენდს ბავარიელებიც მიჰყვებიან. ოღონდ, ეს ძრავების სიმძლავრის შემცირების ხარჯზე არ მოხდება. და ამ საქმეში მიუნხენელ ინჟინრებს ჩაბერვის სისტემები დაეხმარება.
როგორც გამოცემა „ავტოექსპრესი“ გვატყობინებს, შემდეგი თაობის M3 სამკომპრესორიანი 3.3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი (ერთ რიგში ჩამწკრივებული ცილინდრებით) ძრავით აღიჭურვება. ამ სამიდან, ორი ტურბოდამჭირხნი იქნება, ერთს კი ელექტრო ძრავი დაატრიალებს. ეს კი, ბავარიელთა M-დივიზიონის შეფის, დოქტორ ფრიდრიხ ნიჩკეს განცხადებით, პირველ რიგში იმისთვის კეთდება, რომ საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად, სიმძლავრის კლების გარეშე შემცირდეს. ამ საქმეში კი, M-დივიზიონს ტურბინების გარდა, კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენებაც დაეხმარება.
ნიჩკეს თქმით, ძრავი 3.3-ლიტრიანი იქნება და სამი კომპრესორის დახმარებით, ის დაახლოებით 450 ცხენის ძალას განავითარებს. ჯერჯერობით უცნობია, ტურბოკომპრესორები მიმდევრობით იმუშავებს, თუ ისინი „საკუთარ“ 3-3 ცილინდრს მოემსახურებიან. იმავდროულად, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროძრავთან დაკავშირებული კომპრესორის მიერ დაჭირხნული ჰაერი ტურბოკომპრესორებს მიეწოდება, ასე კი ეგრეთ წოდებული ტურბო-ლაგი (ერთგვარი ჩავარდნა მკვეთრი გზის დროს) გამოირიცხება.
გარდა ამისა, ნიჩკემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია სუპერ ავტომობილ M1-ის გამოშვების შესაძლებლობასაც განიხილავს. მისი თქმით, ასეთი ავტომობილი, V10 და V12 ძრავების გარეშე, „ასტონ მარტინის“, „ფერარის“ და „ლამბორგინის“ სუპერ ავტომობილებს, ჯეროვან კონკურენციას ვერ გაუწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, M1 ბაზარზე 2016 წელზე ადრე არ გამოჩნდება.
და ისევ სამკომპრესორიანი ძრავის შესახებ. ამ ძრავით პირველად ალბათ უგზოობის X3-ის M-ვერსია აღიჭურვება, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ავტომობილი თავიდანვე ამ ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. იგივე ძრავით მომავალში კუპე M2-იც აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment