Wednesday, July 27, 2011

„მაზერატი“ ფრანკფურტისთვის უგზოობის ავტომობილს ამზადებს

Maserati to Show Jeep-Based SUV Concept in Frankfurt
27 ივლისი
„კრაისლერში“ გადახდილი მილიარდების სანაცვლოდ, „ფიატისთვის“ ისეთი ტექნოლოგიები ხდება ხელმისაწვდომი, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. რა თქმა უნდა, თავისი პარტნიორის მიღწევების გამოყენების საშუალება ამერიკულ კომპანიასაც ეძლევა. თუმცა, მაინც სწორედ მისი საინჟინრო ბაზაა ის მთავარი წყარო, რომელმაც „ფიატის“ ჯგუფში შემავალ რამდენიმე „მიძინებულ“ კომპანიას, მათ შორის „მაზერატისაც“, ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს.
უახლოეს მომავალში, „მაზერატი“ რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, რომლებიც „კრაისლერის“ შესაბამის პლატფორმებზე იქნება ბაზირებული. პირველ რიგში კი, ეს იქნება უგზოობის მოდელი, რომელსაც ბაზარი დიდი ხანია, ელის. ამ მოდელის ერთგვარი მახარობელი უნდა გახდეს კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც იტალიური კომპანია ფრანკფურტის ავტო შოუზე წარადგენს.
სავარაუდოდ, მისი სერიული წარმოება 2013 წლიდან დაიწყება. და, რა თქმა უნდა, ეს ამ ავტომობილით, „მაზერატი“ კონკურენციას „პორშეს“ ძალიან წარმატებულ „კაიენს“ გაუწევს. ახალი ავტომობილი, უახლეს  „ჯიპ გრანდ ჩეროკის“ პლატფორმას დაეყრდნობა, არქიტექტურას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს „მერსედეს ბენცის“ პოპულარულ ML-კლასთან.
პლატფორმას სამქიმიანებისგან მიიღებს, ძრავს კი „ფერარისგან“. სავარაუდოდ, ეს იქნება 4.7-ლიტრიანი V8, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა გამოცემა „ტოპ გიარ“ არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, არჩევანი ამერიკული კომპანიისვე SRT8-სერიის 6.4-ლიტრიან V8-ზე შეჩერდეს, რომელიც 470 ცხენის ძალას იძლევა.
იმავე გამოცემის ვარაუდით, ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი უგზოობის „მაზერატი“ ასევე მიიღებს 3.0-ლიტრიან V6 ტურბო დიზელს, რომელიც 300 ცხენის ძალამდე გაძლიერდება. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ „მაზერატის“ ავტომობილისთვის დიზელზე უარი თქვან.
უგზოობის ავტომობილის გარდა, „მაზერატი“ „კრაისლერის“ ბაზაზე ორ სედანსაც გამოუშვებს. „ფიატისა“ და „კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს თქმით, ახლანდელი „მაზერატი კვატროპორტე“ ორი სედანით შეიცვლება, რომლებიც პლატფორმებს „კრაისლერ 300-სგან“ და „დოჯ ავენჯერისგან“ მიიღებენ. ამ ორიდან ერთი, უფრო პატარა, მე-5 სერიის „ბეემვეს“ ზომისა იქნება, მეორე კი - უფრო დიდი, გრძელბაზიანი, კონკურენციას „მერსედესის“ S-კლასს, „აუდის“ A8-ს და „ბეემვეს“ მე-7 სერიის სედანს გაუწევს. ორივე სედანს გრულიასკოს ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ატელიე „ბერტონესთან“ ერთად, „ფიატმა“ ორი წლის წინ გამოისყიდა.
„მაზერატის“ ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ახალი სედანები არ იქნება სახეშეცვლილი „კრაისლერები“. რა თქმა უნდა, ისინი იტალიური მარკის შესაფერისი დიზაინის ძარებს მიიღებენ, აღიჭურვებიან სპორტული საკიდარით და მუხრუჭებით, მათს ძრავებს და ტრანსმისიებს კი საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება.
იტალიური კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენელთა თქმით, „პატარა“ სედანი 55 000-დან 70 000 ევრომდე ეღირება. ეს ფასი ევროპული ბაზრისთვისაა, ამერიკაში კი ავტომობილი შედარებით იაფი ეღირება. რაც შეეხება დიდ სედანს, ის „კვატროპორტეზე“ გრძელი იქნება და „ფერარის“ ძრავით და ZF-ის რვასაფეხურანი ავტომატური კოლოფით აღიჭურვება. ამ ავტომობილის ჯერ სავარაუდო ფასსაც არავინ ასახელებს.
სამაგიეროდ, ცნობილი გახდა კიდევ ერთი მოსალოდნელი ინფორმაცია: „მაზერატის“ ავტომობილების დიზაინზე აღარ იმუშავებენ „იტალდიზაინ ჯუჯარო“, რომელიც „ფოლკსვაგენმა“ შეისყიდა და „პინინფარინა“. სამივე ავტომობილის სტილს საკუთრივ „მაზერატის“ სტილის ტურინული ცენტრი შეიმუშავებს.
მარკიონე იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილების წარმოების დაწყების შემდეგ, „მაზერატის“ გაყიდვების წლიური მოცულობა გაათმაგდება. ცნობისათვის, შარშან ამ კომპანიამ 5 675 ავტომობილი გაჰყიდა.

No comments:

Post a Comment