Sunday, August 7, 2011

„ლენდ როვერი“ ფრანკფურტისთვის ახალი „დეფენდერის“ კონცეპციას ამზადებს

Land Rover Rumored to Reveal New Defender Concept in Frankfurt
7 აგვისტო
ავტომობილებს სუფთა ფურცლიდან თითქმის აღარავინ აკეთებს, ახალი, პატარა კომპანიებიც კი, თავიანთი ავტომობილების საფუძვლად, სხვა კომპანიების პლატფორმებს იყენებენ. თუმცა, დიდი კომპანიებისთვის სრულიად ახალი ავტომობილის შექმნა ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარი ამ შემთხვევაში ფულია.

მაგრამ როდესაც ლაპარაკია ლეგენდის შეცვლაზე, აქ საქმე გაცილებით რთულადაა - ყველას ახსოვს ლეგენდარული მოდელი და მასზე ძლიერი ნოსტალგიაც არსებობს. ამიტომ, თუ მის შეცვლას აპირებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ სიახლე მასზე უარესი მაინც არ იქნება. რა რაოდენ დაჯერებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში კომპანია, რომ ისეთი ლეგენდარული ავტომობილის შეცვლა განიზრახოს, როგორიც „დეფენდერია“.
მაგრამ „ლენდ როვერს“ სწორედ ასეთი განზრახვა აქვს. განზრახვა კი არა, ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის სრულიად ახალი „დეფენდერის“ კონცეპტუალური ვერსია მოუმზადებია. რა ტქმა უნდა, ინგლისური კომპანია და ინდური „ტატა მოტორზიც“, რომელსაც ის ეკუთვნის, პრემიერის მომენტს მოუთმენლად ელიან - გაამართლებს კონცეპცია და მას სპეციალისტებიც და დამთვალიერებლებიც მოიწონებენ? „ლენდ როვერის“ და მასთან ერთად, „ტატას“ კარგი მომავალი უზრუნველყოფილი იქნება, ნაკლებად პრობლემური მაინც. არ მოიწონებენ და კონკურენტებით გადატვირთულ ბაზარზე, ასეთი ძლიერი სახელის გარეშე დარჩებიან...
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლენდ როვერის“ დირექტორმა ჯონ ედვარდსმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია თავისი კომპანია, რომელიც „დეფენდერის“ შემცვლელს არ გამოუშვებს. ამ მოდელმა ხომ „ლენდ როვერს“ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. მაგრამ ახალ „დეფენდერს“ რთული გზა ელის - ის ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს ისე, რომ გაზრდილ ფასებსაც გაუმკლავდეს და ლეგენდარული ხასიათიც შეინარჩუნოს.
ედვარდსი განმარტავს, რომ ახალი „დეფენდერის“ წარმოება რენტაბელური იქნბა, თუ ამ ავტომობილს წლიურად 60-80 ათასს დაამზადებენ. ცნობისათვის, შარშან მხოლოდ 18 000 „დეფენდერი“ გაიყიდა. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, არმიაში ექსპლუატაციისთვისაც მოსახერხებელი იქნება.
ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ რა პლატფორმას გამოიყენებენ ახალი „დეფენდერისთვის“. ერთი ვარიანტის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს მოდელ „დისქავერის“ პლატფორმის მოდიფიცირებული ვერსია. მეორე ვარიანტით, სრულიად პლატფორმა მომზადდება, რაც მეტისმეტად ძვირი „სიამოვნება“ იქნება.
რაც უნდა იყოს, ახალი ავტომობილით, ბრიტანულმა კომპანიამ ლოიალური კლიენტურის შენარჩუნება და ბევრად მეტი ახალი მყიდველის მოზიდვა უნდა შეძლოს. დაბოლოს, ახალი „დეფენდერი“ ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს.

No comments:

Post a Comment