Sunday, August 7, 2011

„ბეემვე i1“ - დამოუკიდებელი დიზაინერის კონცეპცია

The BMW i1 Lets You Three-Wheel in Style
7 აგვისტო
რა არის ეს - სამბორბლიანი ავტომობილი, თუ ძარიანი მოტოციკლ-სკუტერი? ალბათ ორივე, უფრო ლაკონურად კი ტრიციკლი. თუმცა, საერთო ჯამში ის ჯერ მხოლოდ საინტერესო კონცეპციაა, რომელიც კანადელმა დიზაინერმა ამაუ ბა ნდიაიემ შეიმუშავა.

ბავარიულ კომპანიას ინდექსი i1 დაპატენტებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე იცის, მისით რა ტიპის ავტომობილს მონიშნავს, ავტომობილს, რომელიც მის სამოდელო გამაში აუცილებლად გამოჩნდება. ამდენად, ნდიაიეს კონცეპცია მხოლოდ თავისუფალი სავარჯიშოა და მეტი არაფერი, თუმცა მეტად საინტერესო!
ტრიციკლი ელექტრონულია. სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ კონცეპციის ავტორმა ინდექსი i1 აირჩია - ბავარიულმა კომპანიამ ხომ ახლახანს ჩამოაყალიბა ქვე-ბრენდი i და ამ მარკით უკვე ორი ავტომობილი - საქალაქო ელექტრომობილი i3 და სპორტული ჰიბრიდ i8 გვიჩვენა.
„ბეემვე i1“ არის სამბორბლიანი მანქანა, რომელიც მოტოციკლივით სასიამოვნო სამართავია და ავტომობილივით პრაქტიკული. მას სამი ელექტროძრავი ამოძრავებს, რომლებიც თითო ბორბალს ემსახურებიან. წინა ბორბლები კორპუსთან ჰიდრავლიკური მექანიზმითაა (საკიდარით) დაკავშირებული. მოსახვევების გავლისას, ეს მექანიზმი შიდა ბორბალს ტვირთავს და ამგვარად, გზასთან ეფექტურ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. ამას კი კომპიუტერი უზრუნველყოფს, რომელიც თავად განსაზღვრავს, რა დახრა უნდა ჰქონდეს ბორბალს იმისათვის, გზასთან ჩაჭიდება გააუმჯობესოს და ამის წყალობით, მოსახვევის გავლის სიჩქარეც გაზარდოს.
თავისი სამბორბალას წონის შესამცირებლად, კორპუსის და შასის დასამზადებლად, ნდიაიეს კარბონის კომპოზიტი აქვს შერჩეული. რაც შეეხება დიზაინს და მანქანის გაფორმებას, შესაძლოა „ბეემვეს“ კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ ასოციაცია შეგიქმნათ. ყოველ შემთხვევაში, მას აეროდინამიკური თვალსაზრისით, ძალიან დახვეწილი, წვეთის ფორმა აქვს - ამის საშუალებას იძლევა ის ფაქტი, რომ წინ ორი ბორბალია, უკან კი - ერთი. სალონში მხოლოდ ერთი სავარძელია - რაც უნდა იყოს, ეს მანქანა მოტოციკლის ნათესავიცაა. აკუმულატორების ბლოკი კი სავარძლის ქვემოთაა განლაგებული - პროექტის ავტორმა, ამგვარად მანქანის სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლა დასწია.
მოკლედ, დიზაინერთა ფანტაზიას ბოლო არ უჩანს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოდესმე ამ მანქანის მსგავსს „ბეემვე“ თუ არა, სხვა რომელიმე კომპანია მაინც გამოუშვებს. ამის პრეცედენტს კი მალე „პეჟო“ შექმნის, რომელიც მალე თავის კონცეპტუალურ ავტომობილ/კვადროციკლის გამოშვებას დაიწყებს...

No comments:

Post a Comment