Friday, August 19, 2011

”კადილაკმა” თავის სტილს მიაგნო


New Cadillac Ciel 4-door Convertible Concept Wows Pebble Beach Crowd
19 აგვისტო

”კადილაკი” ძალიან გააქტიურდა. ჯერ იყო და, ”ჯენერალ მოტორსის” ლუქს ბრენდმა სამი ახალი ავტომობილის წარმოების შესახებ გვამცნო, ახლა კი, პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, საზოგადოებას თავისი მორიგი შედევრი - ოთხკარიანი მდიდრული კაბრიოლეტი ”სიელი” გააცნო.
პრეზენტაციაზე, ავტომობილის წარდგენისას ითქვა, რომ ავტომობილის სახელი ”სიელი-ა”, რაც ფრანგულად ცას ნიშნავს. რატომ დაარქვეს კაბრიოლეტს ეს სახელი? ამაზე საუკეთესო განმარტებას, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ინტერიერის დიზაინზე მომუშავე ჯგუფის უფროსი გაელ ბუზინი იძლევა: ”ჩვენ შევქმენით ”კადილაკი”, რომელიც ცასთან შეხების საშუალებას მოგცემთ”.
პრემიერაზე, ავტომობილმა დამსწრეთა აღფრთოვანება გამოიწვია. ყველა აღიარებს, რომ ამ ავტომობილით, ”კადილაკს” თავის დიდებასთან დაბრუნება შეუძლია. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ”სიელი”, ”კადილაკის” მომავალი ფლაგმანის ღია, ჯერ კონცეპტუალური ვერსიაა. კართა განლაგებით (ერთ გვერდზე ისინი საპირისპირო მიმართულებით იღება), ის 1961 წლის კაბრიოლეტ ”ლინკოლნ კონტინენტალს” მოგაგონებთ, თუმცა ამ მარკის თაყვანისმცემლებს, ალბათ ლეგენდარულ მოდელ ”ელდორადოს” აღდგენის იმედი გაუჩნდათ.
”სიელი” ამერიკული კომპანიის ჩრდილოეთ ჰოლივუდის დიზაინ ცენტრში შეიქმნა. ექსტერიერის შემუშავებას, ნიკ სმარტი ხელმძღვანელობდა. ავტომობილი სოლიდური გაბარიტებით გამოირჩევა და იმავდროულად, საკმაოდ დაბალიცაა. მისი ზომებია: სიგრძე 5 174, სიგანე 1 968, სიმაღლე 1 270 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 3 175 მილიმეტრი. გრძელი ბაზა სალონში მგზავრებისთვის სივრცის გასაზრდლად გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ეს კომფორტზე დადებითად აისახა.
ავტომობილის გარეგნობაში, პირველ რიგში, ყურადღებას მისი წინა და უკანა ფარები იქცევს, რომლებიც 60-იანი წლების ”კადილაკების” სტილშია შესრულებული. რადიატორის ბადეც კომპანიის სტილში, არასწორი ტრაპეციის ფორმისაა. ინტერიერში უხვადაა გამოყენებული იტალიური ზეთისხილის მერქანი, ალუმინი და ძვირფასი ტყავი.
”ამ ავტომობილს რომ შეხედავთ, ალბათ მოგზაურობის სურვილი გაგიჩნდებათ. ამიტომ, მისი სალონის გაწყობისას, ჩვენი დევიზი იყო ”კომფორტი კომპრომისის გარეშე”. ეს კი ელეგანტურობასთანაა შერწყმული, რაც მოგზაურობას სასიამოვნოს გახდის. ფერებისა და გამოყენებული მასალების შეხამება კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მოძრავი ავტომობილი გარემოსთან შერწყმას ცდილობს”, - ასე აფასებს ”სიელს” კლეი დინი, ”კადილაკის” გლობალური დიზაინის დირექტორი.
ავტომობილი სრულამძრავიანია. ის 3.6-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოკომპრესორიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელთან ერთადაც, ავტომობილის გადაადგილებას, ელექტროძრავიც ემსახურება. ამ უკანასკნელს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 425 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 583 ნიუტონმეტრს აღწევს. ამგვარად, ავტომობილი არამხოლოდ თავისი ბრწყინვალე გარეგნობით გვხიბლავს, არამედ ალბათ (ალბათ იმიტომ, რომ კონკრეტული მონაცემები ჯერჯერობით არ ქვეყნდება) შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებითაც.
და რას უპირებს ამ კონცეპტუალურ ავტომობილს ”კადილაკი”? ვიხილავთ, თუ არა ამ, ან მსგავს ავტომობილს მის შოურუმებში? თუ ის მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ გენერლებს პებლ ბიჩში მოეწონებინათ თავი და ტავიანთი პრემიუმ ბრენდის სახელოვანი წარსული შეეხსენებინათ? ამაზე კლეი დინს პირდაპირი და ბევრისთვის სასიხარულო პასუხი აქვს: ამ მანქანას არ გიჩვენებდით, რაღაც ამის მსგავსის წარმოებას რომ არ ვაპირებდეთო. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ”სიელისთვის” შექმნილ პლატფორმას ”კადილაკი” სხვა მოდელებისთვისაც გამოიყენებს. სავარაუდოა, რომ პირველი ავტომობილი, რომელსაც ამ პლატფორმაზე დაამყნობენ, ”კადილაკის” ფლაგმანი სედანი იქნება.

No comments:

Post a Comment