Friday, August 19, 2011

”ტოიოტა” ნურბურგრინგზე ელექტრონული შეტევისთვის ემზადება

Toyota Details Upcoming Nurburgring Electric Record Attempt, Reveals Prototype
19 აგვისტო

”ტოიოტა მოტორსპორტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ გეგმის შესახებ, რომლითაც გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომის ჩრდილოეთის მარყუჟზე, ახალი სარბოლი ელექტრომობილით, ამ ტიპის ავტომობილების წრის რეკორდის დამყარებას აპირებს. სარეკორდო გარბენი 29 აგვისტოსაა დანიშნული. თუმცა, თუ უამინდობის გამო, მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ამ შემთხვევისთვის, იაპონური კომპანიის სპორტულ შტოს, კიდვ რამდენიმე სატესტო დღე აქვს აღებული, რაც მას ტრასის გამოყენების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ახლანდელ რეკორდს, ის 9 წუთსა და 1.338 წამს შეადგენს.
სარბოლი ავტომობილი, რომელსაც სახელად ”ტოიოტა მოტორსპორტის” აბრევიატურა (TMG) უწოდეს, ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური პიკური სიმძლავრეც 280 კილოვატს შეადგენს. ისინი ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკით იკვებება. ”ტოიოტას” ინფორმაციით, ავტომობილს, რომელიც 970 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ს აღწევს.
”ამ ავტომობილით, ჩვენ იმის დემონსტრირებას ვაპირებთ, რომ ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვილი ავტომობილის დინამიკა შეიძლება ისეთივე იყოს, როგორიც შიდაწვისძრავიან ავტომობილს აქვს. ამისათვის საუკეთესო ადგილი კი ნურბურგრინგის ჩრდილოეთის მარყუჟია. ჩვენი მიზანია ახლანდელი რეკორდის არა უბრალოდ რამდენიმე წამით, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ასე კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად სწრაფად განვითარდა ელექტრომობილების ტექნოლოგია 2007 წლის შემდეგ, რაც ჩვენ სისტემა კერს-ზე მუშაობა დავიწყეთ”, - ამბობს ”ტოიოტა მოტორსპორტის” ელექტრონიკის გენერალური მენეჯერი ლუდვიგ ცელერი. ცნობისათვის, ნურბურგრინგის ჩრდილოეთის მარყუჟზე ელექტრომობილების წრის რეკორდი ”პეჟოს” პროტოტიპ EX1-ს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ძველი რეკორდი, რომელიც ელექტრულ ”მინის” ეკუთვნოდა, დაახლოებით 50 წამით გააუმჯობესა.

No comments:

Post a Comment