Thursday, August 18, 2011

”ფერარის” შეფი ელექტრომობილებზე უარს ამბობს

Ferrari Boss Says No to Electric Models, Endorses Hybrid Tech
18 აგვისტო


ელექტრომობილები მსოფლიო ავტოინდუსტრიის ახალი, ძალიან ძლიერი ტრენდია. იმდენად ძლიერი, რომ კომპანიები თავიანთ მომავალს სწორედ ამ ტიპის ავტომობილებს უკავშირებენ. მაგრამ არიან ისეთი გამონაკლისებიც, რომლებსაც ეს ტრენდი სულაც არ აღელვებს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი ”ფერარია”, რომლის პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო, დაჟინებით იმეორებს, რომ ელექტრული ავტომობილები მისი მარკისთვის შეუფერებელია.
ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც ”ფერარი” ძირეულად გარდაქმნა და მყიფე, არაპრაქტიკული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავის კლასში მაინც უკონკურენტო იყო, არის და იქნება, კომფორტული, ძალიან სწრაფი და უფრო ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი (ტირაით და არა ფასით), უძვირფასესი ”სათამაშოების” მწარმოებლად გარდაქმნა. ამასთან, სწორედ მისი ხელმძღვანელობით, მარანელოელებმა ფორმულა ერთის კონსტრუქტირთა ხუთი თასიც დაისაკუთრეს.
”თქვენ ვერასდროს ნახავთ ელექტრულ ”ფერარის”, რადგან ასეთი ავტომობილების არ მჯერა. არა მგონია, ასეთი ავტომობილებით, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას მივაღწიოთ და გარემის შვება მოვგვაროთ”, - ამბობს დი მონტეძემოლო და კითხვაზე, რას აპირებს მისი კომპანია იმისათვის, რომ გამონაბოლქვზე მომავლის, ძალიან გამკაცრებული სტანდარტები დააკმაყოფილოს, ის პასუხობს, რომ გამოსავლად ჰიბრიდული ტექნოლოგიები მიაჩნია.
”ჩვენ ასეთ ავტომობილზე ძალიან, ძალიან დიდი მონდომებით ვმუშაობთ. ჰიბრიდული ავტომობილი ”ფერარის” მომავალია და იმედი მაქვს, ასეთ ავტომობილებს ბაზარზე რამდენიმე წელიწადში იხილავთ”, - დასძენს დი მონტეძემოლო, რომელმაც ჟენევის შარშანდელ ავტო შოუზე, საზოგადოებას მოდელ 599-ის ბაზაზე შექმნილი კონცეპტუალური ჰიბრიდული ავტომობილი - HY-კერს წარუდგინა. შემდეგ კი იტალიურმა კომპანიამ მოდელი ”კალიფორნია” სისტემა სტოპ-სტარტით აღჭურვა. სხვათა შორის, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მოდელ 599-ის შემცვლელი, რომლის ტესტირებაც სრული ტემპით მიმდინარეობს, მარანელოელთა პირველი ავტომობილი გახდება, რომელიც კერს-ით (კინეტიკური ენედრგიის რეკუპერაციის სისტემა) აღიჭურვება.
დი მონტეძემოლო ცდილობს, ჩამოაყალიბოს მყარი კავშირი ფ1-ის ბოლიდებსა და საგზაო ავტომობილებს შორის. ანუ, საგზაო ავტომობილებში ფართოდ დანერგოს ფ1-ის ტექნოლოგიები. ასეთი ტექნოლოგიაა კერს-ი, რომელიც მუხრუჭებში გამოყოფილ ენერგიას, რომელიც სითბოს სახით გამოიყოფა და იკარგება, ელექტროენერგიად გარდაიქმნება და აკუმულატორში ინახება.
პროტოტიპ 599-ზე გამოყენებული ჰიბრიდული სისტემა ძალიან კომპაქტურია და მხოლოდ 40 კილოგრამს იწონის. ის ორქუროიან ტრანსმისიის ორიდან ერთ-ერთ პირველად ლილვთანაა დაკავშირებული. ამ სისტემის წყალობით, ჰიბრიდულ ავტომობილს, მცირე ხნით მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია. კომპაქტურობის მიუხედავად, კერს-ი ავტომობილს დამატებით 100 ცხენის ძალას ანიჭებს. მისივე წყალობით, ავტომობილის მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა დაახლოებით 35 პროცენტით მცირდება. გარდა ამისა, ”ფერარი” თანდათან ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობითაც, ავტომობილების ეკონომიურობაც უმჯობესდბა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც მცირდება. ამგვარად, არაა გამორიცხული, რომ ამ ტექნოლოგიების წყალობით, მარანელოურმა კვიცებმა, V8 და V12 ძრავების ბოხი ხმაც შეინარჩუნონ და ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაშიც მოვიდნენ. და მაშინ, დი მონტეძემოლო მართალი იქნება...

No comments:

Post a Comment