Thursday, August 18, 2011

შუმახერი წასვლას არ აპირებს

Schumacher Denies Retirement Rumors
18 აგვისტო

ბოლო ხანს, კულუარებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ დროა, მიხაელ შუმახერმა კიდევ ერთხელ დაასრულოს თავისი სახელოვანი კარიერა. თვით ნიკი ლაუდამაც, შუმის წასვლა ურჩია. მერე იტალიურ პრესაში დაიწყეს დარწმუნებით წერა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, უკვე გადაწყვეტილი აქვს წასვლა - სხვა თუ არაფერი, ის თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც კი ვერ უგებს, ვისაც ჯერ ერთი რბოლას არ მოუგია...
მაგრამ ყველა ეს მითქმა-მოთქმა, შუმახერმა ერთი განცხადებით უარყო - ”მერსედეს ბენცის” ერთ-ერთ სარეკლამო ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. გარწმუნებთ, მომავალ სეზონშიც რბოლებში ვიქნებიო. უფრო მეტიც, ის არც კონტრაქტის გაგრძელებას გამორიცხავს: ”ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად მექნება რბოლებში მონაწილეობისთვისს საჭირო ენერგია და სურვილი”.
მოგვიანებით, მან მსგავსი განცხადება ”მერსედესის” ვებგვერდზეც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას სიამოვნებს, როცა ცდილობს, გუნდი და მანქანა გამარჯვების გზაზე დააყენოს. ”ზოგიერთი სულელური ჭორის მიუხედავად, კვლავაც ვიმეორებ, რომ მომავალ სეზონშიც აუცილებლად აქ ვიქნები. მოგწონთ, თუ არა ეს, მაინც ასე იქნება. გუნდისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ჯერაც კარგად ვარ მომზადბული იმისათვის, რომ რბოლებში ვასპარეზობდე. და ჯერაც მიზიდავს გამოწვევები”, - ამბობს შუმი. ამასთან, იმასაც აღნიშნავს, რომ ”მაკლარენის”, ”ფერარის” და ”რედ ბულის” კონკურენცია ძალიან ძნელია და ჯერჯერობით, მის გუნდს ეს არ ხელეწიფება და ახლო მომავალში, ამაზე ოცნებაც არ ღირს. უფრო მეტიც, არც მომავალი სეზონის პერსპექტივაა ისეთი, რომ ”მერსედესმა” ტიტულისთვის ბრძოლა შეძლოს...

No comments:

Post a Comment