Thursday, August 18, 2011

”ჰიუნდაიმ” კალათბურთელებს გზა დაულოცა

18 აგვისტო

ორ დღეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვას გაემგზავრება, სადაც ქალაქ კლაიპედაში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ჩაატარებს. გამგზავრებამდე ორიოდ დღით ადრე კი, გუნდს სოლიდური მხარდამჭერი გამოუჩნდა საქართველოში ”ჰიუნდაის” ავტომობილების დისტრიბუტორის, ”ჰიუნდაი ავტო ჯორჯიას” სახით.

კერძოდ: ამიერიდან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ”ჰიუნდაი მოტორ ჯორჯია” საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის და ნაკრების სპონსორი ხდება. სპონსორობაში იგულისხმება როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ასევე წამახალისებელი აქციები.
მხარეებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად, ”ჰიუნდაი ავტო ჯორჯიამ”, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების მოთამაშეები სპეციალურ ცერემონიაზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ-ში” მიიწვია. ხელშეკრულებას ხელი ”ჰიუნდაი ავტო ჯორჯიას” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, წარსულში თავადაც ცნობილმა კალათბურთელმა დავით გიორგობიანმა და საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა მოაწერეს, რის შემდეგაც, ბატონმა ლიპარტელიანმა თავის პარტნიორს სიმბოლურად, ნაკრების მაისური გადასცა, რომელზეც ნაკრების სპონსორის ლოგოა გამოსახული.
საზეიმო ცერემონიაზე, ბატონმა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი საფეხური აქვს გავლილი - მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება და და ჩემპიონატისთვის ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ახლა კი, მესამე ეტაპის ჯერია, რაც ჯგუფიდან გასვლას ნიშნავს. ამის უნარი კი, ქართველ კალათბურთელებს, მათი შესაძლებლობებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, შესწევთ. ბატონმა ლიპარტელიანმა მას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ხელშეკრულების ცერემონიას, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიც დაესწრნენ. საქართველოს ნაკრები ლიტვაში შაბათს, 20 აგვისტოს გაემგზავრება.

No comments:

Post a Comment