Thursday, September 22, 2011

”ვოლვოს” აქცენტი სტილის დახვეწაზე გადააქვს (ვიდეო)

...და ძრავების ცილინდრების რიცხვის და ლიტრაჟის შემცირებაზე! შვედურ კომპანიას დღეს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაცია აქვს. ახლა კი ამ მყარ საფუძველზე, წარმატების მთავარი ინგრედიენტის - დახვეწილი დიზაინის დამყნობას აპირებს. და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური ”იუ-თი” გადადგა.
”ვოლვო იუ” არის გრძელი, განიერი და დაბალი ოთხკარიანი მანქანა, რომლის სტილშიც, ძველი, 50-იანი წლების ”ვოლვოების” გავლენა შეინიშნება. ეს განსაკუთრებით, მისი კაპოტის წინა ნაწილზე და რადიტორზე ითქმის, რომელიც ძალიან განიერი გამოვიდა. სახურავი უკან მკვეთრად დაქანებულია, რაც სპორტბეკის ტიპის ძარებს ახასიათებს. კარები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იხსნება, რაც სალონში მოხვედრას და იქიდან გამოსვლას აადვილებს. ”ვოლვო” გვამცნობს, რომ ამ ავტომობილის დიზაინი დანიურმა სადიზაინერო ფირმა ”გეორგ იენსენმა” შეიმუშავა.
სტილის გარდა, ”ვოლვოს” მიზანს ლუქსის კლასში რეალურად შებიჯება წარმოადგენს. თანაც ამას შვედები მაქსიმუმ ოთხცილინდრიანი ძრავებით გააკეთებენ, რომლებიც მცირე აპეტიტითაც გამოირჩევა და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს. გარდა ამისა, შვედური კომპანია ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზეც მუშაობს.



No comments:

Post a Comment