Thursday, September 22, 2011

”სანიონი” სამოდელო გამას აფართოებს

კორეულმა ”სანიონმა”, რომელიც ცოტა ხნის წინ, ინდურმა ”მაჰინდრა ენდ მაჰინდრამ” გამოისყიდა, ფრანკფურტში უგზოობის კომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი XIV-1 წარადგინა, რომელიც მის სამოდელო გამას მალე შეავსებს და როგორც ჩანს, გლობალური მოდელი გახდება. ამიტომ, მასზე ”სანიონი” დიდ იმედებს ამყარებს.
ამ ავტომობილით, პირველ რიგში, კორეულმა კომპანიამ დიზაინში თავისი სპეციალისტების შესაძლებლობები წარმოადგინა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიზაინერებისთვის ეს უბრალო სავარჯიშო. ფაქტორბრივად, ”სანიონის” ახალ კორპორატიულ სტილს დაუდეს დასაბამი. პროექტის ავტორებმა პრეზენტაციისას ყველა გააოცეს, როდესაც განაცხადეს, რომ ამ ავტომობილზე მუშაობისას, შთაგონება აფრიანი იახტებისგან მიიღეს.
ძნელი მოსაძებნია მსგავსება XIV-1-სა და აფრიან იახტას შორის, თუმცა ფაქტია, რომ ავტომობილს ეფექტური გარეგნობა აქვს. მისი ძარის სახურავი თითქმის მთლიანად შუშისაა. ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი, რაც იმით აიხსნება, რომ კარები ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. სამაგიეროდ, სახურავს უკან მძლავრი საყრდენი იჭერს. სალონში კი ბევრი რამ კომფორტის გაუმჯობესებას ემსახურება. ჯერ ერთი, ოთხივე სავარძელი ინდივიდუალურია. თანაც, ისინი 360 გრადუსით ტრიალდება. ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა იისფერი ილუმინაციითაა გაწყობილი. ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში კი მრავალფუნქციური მონიტორი მოთავსდა.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ ამ ავტომობილში კონცეპტუალური მანქანებისთვისაა დამახასიათებელი და ისინი კონვეიერამდე ვერ მიაღწევს. თუმცა აშკარაა, რომ B კლასის ლუქს ქროსოვერების სეგმენტის ბინადართ გვარიანად შევიწროება მოუწევთ, თუ ”სანიონი” XIV-1-ს მწვანე შუქს აუნთებს.

No comments:

Post a Comment