Monday, September 5, 2011

”ვოლვოს” ცილინდრების რაოდენობა აღარ აინტერესებს


New Volvo Concept Heading to Frankfurt to Showcase Engine and and Platform Tech
5 სექტემბერი
ფრანკფურტისთვის კონცეპტუალური სიახლე ”ვოლვოსაც” აქვს მომზადებული. ამ კონცეპციაში კი შვედური კომპანია, რომელიც ჩინელებს ეკუთვნის, იმ სიახლეებს გვიჩვენებს, რომლებმაც მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. ”ვოლვო” არ მალავს, რომ მალე მისი აქცენტი უსაფრთხოებიდან, დახვეწილ დიზაინსა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადაინაცვლებს.

”ვოლვო” ეკოლოგიაზე ზრუნვას რადიკალურად უდგება და უარს ამბობს მრავალცილინდრიან ძრავებზე. მის გამაში კი მხოლოდ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ოთხცილინდრიან, მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე ძრავებს დატოვებს. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობა ამჟამად განიხილავს საკითხს, თუ რომელი სქემის ჰიბრიდულ დანადგარებზე გააკეთოს არჩევანი. ასარჩევი კი სამ ვარიანტს შორის აქვს.
”დროა, ცილინდრების თვლას თავი დავანებოთ. კონცეპცია, რომელსაც ფრანკფურტში წარვადგენთ, ყველას დაანახებს, რომ მცირელიტრაჟიან ძრავებსაც შეუძლია იმ მახასიათებლების მოცემა, რომლებსაც მომხმარებელი ჩვენი ავტომობილებისგან ელის და მოითხოვს”, - ამბობს ”ვოლვოს” კვლევისა და განვითარების შტოს შეფი, კომპანიის უფროსი ვიცე პრეზიდენტი პეტერ მარტენსი.
კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც ”ვოლვო” ფრანკფურტში წარადგენს, ახალ, აგრეგატულ არქიტექტურაზეა (VEA - ვოლვო ენვირონმენტალ არქიტექჩა) აგებული, რომელიც შვედური კომპანიის ნებისმიერი ახალი მოდელისთვის საფუძველი გახდება. ეს პლატფორმა სრულიად ახალ ძრავებს მიიღებს, რომლებსაც შემცირებული მოცულობისა და ცილინდრების რიცხვის მიუხედავად, ისეთივე მახასიათებლები ექნება, როგორიც ახლანდელ ხუთ და ექვსცილინდრიანებს აქვს. ამასთან, ისინი ახლანდელ ოთხცილინდრიან აგრეგატებზე ეკონომიურებიც იქნება.
”ვოლვო” აცხადებს, რომ VEA, რომელიც შასიზე ძრავის განივად განლაგებას ითვალისწინებს, მწარმოებელს მოდელების მაღალი ხარისხით უნიფიცირების საშუალებას მისცემს. ასე დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდება ძრავის ისეთი მაკომპლექტებლების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ ამათუიმ მოდელისთვის გამოდგება და სხვა მოდელებს არ მიესადაგება. გარდა ამისა, შასის წონა 90 კილოგრამით, მასზე აგებული მანქანის ხარჯი კი 35 პროცენტით შემცირდება.
შასიც მოდულურ სტრუქტურას (სქალეიბლ პლატფორმ არქიტექჩა) დაეყრდნობა, რომელიც მარტივად იცვლის გაბარიტებს და ამგვარად, მასზე სხვადასხვა კლასის ავტომობილების აგება იქნება შესაძლებელი. ასეთი არქიტექტურა მწარმოებელს თავისი ავტომობილების წონის 100-150 კილოგრამით შემცირების საშუალებას მისცემს. ეს არქიტექტურა კომპანიას იმის საშუალებას მისცემს, რომ პრაქტიკულად თავისი ყველა მოდელი მასზე ააგოს. ეს კი ასეულობით მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მოდელზე უსაფრთხოების სისტემების, ელექტრონიკის და სხვა დამხმარე მოწყობილობათა უნიფიცირება.
”ვოლვო” მალე მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის (კერს) ტესტირებასაც დაიწყებს, ეს სისტემა იმ ენერგიას აგროვებს, რომელიც ჩვეულებრივ, სითბოს სახით იკარგება ხოლმე. ოღონდ, შვედური კომპანია, მოპოვებული ენერგიის მქნევარით შენახვის პრინციპს გამოიყენებს და არა აკუმულატორებს, როგორც ამას ბევრი აკეთებს. ასეთი მექანიზმი, რომელშიც მქნევარას ბრუნვის რიცხვი წუთში 60 000-საც კი აღწევს, ფორმულა 1-ში ერთადერთმა გუნდმა - ”უილიამსმა” უკვე გამოიყენა, თუმცა მასზე უარის თქმამ მოუწია. ასეა თუ ისე, მქნევარიანი მექანიზმი 100 ცხენის ძალამდე აკუმულირების და საწვავის ხარჯის 20 პროცენტით შემცირების საშუალებას იძლევა.
დაბოლოს, მარტენსი ამბობს, რომ კონცეპტუალურ ავტომობილს საერთო არაფერი ექნება კონცეპტუალურ სედან ”იუნივერსთან” (ფოტოებზე), რომელიც კომპანიამ წელს შანჰაის ავტო შოუზე წარადგინა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ახალი კონცეპციის და ”იუნივერსის” დიზაინში ბევრი საერთო ელემენტიც აღმოაჩინოთ.

No comments:

Post a Comment