Monday, September 5, 2011

ინდიქარის კალენდარში ჩინეთს შეიტანენ

IndyCar Series close to confirming a round in China in 2012
5 სექტემბერი
ინდიქარის კალენდარში მალე ალბათ ჩინური ეტაპი გამოჩნდება. მსოფლიო სერიის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს ცისქვეშეთის აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ ქინდაოს ხელისუფლებასთან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, ჩინური ეტაპი უკვე მომავალი სეზონის კალენდარში ჩაჯდება. სხვათა შორის, ქინდაო იმითაა ცნობილი, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის აფროსნობის ტურნირებს უმასპინძლა.
”დიდი ხანია, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. მის დასრულებამდე კი კონკრეტულს ვერაფერს გამოვაცხადებთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მალე მისი დასრულების შესახებ გამცნობთ. იმის შანსები, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, 90/10-ზეა. თუმცა, ეს გრძელი პროცესია და სანამ დასრულდება, მასზე ლაპარაკი არ ღირს. ეს უზარმაზარი მარკეტია, რომლის კალენდარში შეტანის პერსპექტივამაც, გუნდები და მათი სპონსორები ძალიან გაახარა. ასე რომ, კომერციული თვალსაზრისით, დიდი დაინტერესება არსებობს, რაც ოპტიმისტურად განგვაწყობს”, - ამბობს ინდიქარის მსოფლიო სერიის კომერციული შტოს პრეზიდეტი ტერი ანგშტადტი.
მართალია, მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჩინელებს ოვალური ტრეკის პროექტი უკვე შემუშავებული აქვთ და მზად არიან, დაუყოვნებლივ შეუდგნენ მის მშენებლობას. პროექტს უკვე გასცნობია ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიმომხილველი ჯო სავარი, რომელმაც განაცხადა, რომ ქინდაოში მსოფლიოში უდიდესი სარბოლი ტრეკის აშენება აქვთ განზრახული. სავარის თქმით, ჩინური ტრეკის სიგრძე თითქმის 15 პროცენტით გრძელია ინდიანაპოლისის ლეგენდარულ ტრეკზე, მისი ტრიბუნები კი ინდიანაპოლისური ტრეკივით, 500 000 მაყურებელს დაიტევს.
სხვათა შორის, ახლავე ცნობილია, რომ ესოდენ გრანდიოზული ტრეკის აშენება მომავალი სეზონისთვის ვერ მოესწრება, მაგრამ ინდიქარი ქინდაოს მაინც ეწვევა - პირველი რბოლა ყვითელი ზღვის ნაპირას მდებარე სამმილიონიანი ქალაქის ქუჩებში, პორტის უბანში ჩატარდება. სხვათა შორის, ჩინეთში ინდიქარის მსოფლიო სერია ბევრისთვის უცნობია, თუმცა ჩინური რბოლის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ბევრ მაყურებელს მოიზიდავენ.
სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში, ინდიქარის ჩემპიონატში მხოლოდ ორი რბოლა ტარდება ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ. ესენია ბრაზილიის და იაპონიის ეტაპები. ინდიქარმა ამ საუკუნის დასაწყისში, ევროპაში დამკვიდრებაც სცადა, თუმცა წარუმატებლად - გერმანიასა და ბრიტანეთში სპეციალურად აშენებულ ტრეკებზე რბოლები ცოტა მაყურებელს იზიდავდა, რის გამოც, ისინი კალენდარში დიდხანს არ დარჩენილა.

No comments:

Post a Comment