Monday, September 12, 2011

”კიას” პირველი გრან ტურიზმო

Kia's RWD GT Concept Gets Turbo V6, Peter Schreyer Hints at Production Version
12 სექტემბერი
”ასტონ მარტინის” ვან-77-ის ლაყუჩები ხომ არ გეცნოთ? კორეული კომპანიის ეს კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე რაღაცით ალბიონურ ექსკლუზიურ სუპერ ავტომობილს მაინც ჰგავს. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი დიზაინის პლაგიატი კი არა, ის ფაქტია, რომ ”კიამ” თავის ისტორიაში პირველად დაამზადა უკანაამძრავიანი ავტომობილი (კონცეპტუალური), რომელსაც ხვალ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარუდგენს ფართო საზოგადოებას.
ამასთან, ეს ავტომობილი, რომლის სახელიცაა ”კია GT კონცეპტი”, კორეული კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი. 3.3-ლიტრიანი V6 ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 390 ცხენის ძალას და 534 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან კი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
უნდა ითქვას, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის შემუშავება, ”კიას” დიზაინის ევროპულმა ჯგუფმა შარშან, ნოემბერში დაიწყო. ამასთან, კარგა ხანს ვერ გადაწყვიტეს, ეს უკანაამძრავიანი მანქანა უნდა ყოფილიყო, თუ კორეული კომპანიისთვის ტრადიციული - წინაამძრავიანი.
”ეს კონცეპცია ჩვენ დიზაინის ახალი მიმართულების გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს. უკანაამძრავიანი შეთანწყობა ხომ სულ სხვა პროპორციებს საჭიროებს, ვიდრე წინაამძრავიანი. ჩვენ არჩევანი კლასიკურ შეთანწყობაზე გავაკეთეთ, რომელიც მისაღებია როგორც კორეელი, ასევე ევროპელი და ამერიკელი მყიდველისთვის”, - ამბობს ”კიას” მთავარი დიზაინერი პეტერ შრაიერი.
”კიას” რელიზში აღნიშნულია, რომ ”GT კონცეპტი” კორეული კომპანიის მიერ 2007 წელს შექმნილ კონცეპტუალურ მოდელ ”კიი-ს” და 70-იანი წლების გრან ტურიზმოს კლასის ავტომობილების შთაგონებით და გავლენითაა შემუშავებული. შრაიერი ამბობს, ის ცდილობდა, ავტომობილი ისეთი პროპორციებისა ყოფილიყო, რომ მისი დანახვისას უმალ მიხვდეთ, რომ ეს უკანაამძრავიანი მანქანაა. დააკვირდით და ყველაფერს ადვილად მიხვდბით: გრძელი კაპოტი, რაც შეიძლება უკან დაწეული სალონი და შედარებით მოკლე უკანა ნაწილი - ყველაფერი ეს სწორედ უკანაამძრავიანი ავტომობილის ნიშნებია.
შრაიერი ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობისას, მოტივაციას ის ფაქტორი აძლიერებდა, რომ ეს სრულებით რეალური ავტომობილია, რომელიც შეიძლება მალე ბაზარზეც გამოჩნდეს. ის იმედოვნებს, რომ ამ ტიპის ავტომობილის წარნოებას, ”კია” მალე დაიწყებს...

No comments:

Post a Comment