Saturday, September 17, 2011

ახალი ”დეფენდერი” პირველ ნაბიჯს დგამს

დიდი ხანი არ გასულა მას შემდგ, რაც ”ლენდ როვერის” საწარმოო პროგრამიდან, ამ კომპანიის ყველაზე ლეგენდარული სახელი, ”დეფენდერი” გაქრა. მაგრამ სამუდამოდ მას ვინ დაივიწყებს! სხვა თუ არაფერი, ის ექვსი ათეული წლის განმავლობაში ხიბლავდა ავტომოყვარულებს და ემსახურებოდა სამხედროებს. 1949 წლიდან მოყოლებული, ის რამდენჯერმე გადააკეთეს, თუმცა ორი ძირითადი პლატფორმა პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩებოდა.
და აი, ფრანკფურტში ინგლისურმა კომპანიამ ახალი ”მცველის” ორი კონცეპტუალური ვარიანტი წარადგინა, სახელად DC100 და DC100 სპორტი. პრემიერამდე ორი კვირით ადრე კი, ”ლენდ როვერმა” გამოაცხადა, რომ ”დეფენდერის” წარმოებას 2015 წელს დაიწყებს. როგორც ჩანს, ასეთი დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ახალი ”დეფენდერისთვის” ახალ პლატფორმას მოამზადებენ. ეს კი სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ცნობისათვის, მისი წარმოების დაწყებიდან დღემდე, ”ლენდ როვერს” დაახლოებით 2 მილიონი ”დეფენდერი” აქვს გაყიდული. აქედან სამი მეოთხედი კვლავაც მუშა მდგომარეობაშია. ასეთი პოპულარობა კი ავტომობილის სიმარტივემ და განუმეორებელმა ხასიათმა განაპირობა. კონცეპტუალური ავტომობილების პრემიერაზე, ”ლენდ როვერის” გლობალურ ბრენდ დირექტორმა ჯონ ედვარდსმა განაცხადა, რომ ”დეფენდერი” მომავალშიც შეინარჩუნებს თავის ღირსებებს. ამასთან, ის გლობალური ბაზრის ახალ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
საინტერესოა, რას ამბობს კონცეპტუალურ DC100-ზე ”ლენდ როვერის” დიზაინის შეფი ჯერი მაკგოვერნი: ”იკონური ”დეფენდერის” შეცვლა, საავტომობილო დიზაინის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ეს ავტომობილი, მსოფლიოში უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროა. კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ფრანკფურტში წარვადგინეთ, არაა საწარმოოდ მომზადებული, მაგრამ ის დასაწყისია ოთხწლიანი ციკლისა, რომლის განმავლობაშიც, 21-ე საუკუნის ”დეფენდერს” შევიმუშავებთ”.
ნებისმიერ შემთხვევაში, DC100 და DC100 სპორტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომლებითაც ინგლისური კომპანია ამ ავტომობილის დიზაინზე სპეციალისტების და ავტომოყვარულების გამოხმაურებებს შეისწავლის და შემდეგ, გარკვეულ კორექტივებს შეიტანს. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ გამოხმაურებების მიღების შემდეგ, ავტომობილის დიზაინი რადიკალურად შეიცვალოს კიდეც.
ორივე ავტომობილი აღჭურვილია გზაზე რეაგირების სისტემის ახალი ვერსიით, რომელიც გზის მსგომარეობის შესაბამისად, ავტომობილის მახასიათებლებს ცვლის. კერძოდ, სამუშაო რეჟიმს იცვლის ძრავი და საკიდარი, რის შედეგადაც, ავტომობილი უფრო რაციონალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს.
ფრანკფურტში წარდგენილი ორი ავტომობილიდან, DC100 დიზელის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, უფრო ტემპერამენტიანი DC100 სპორტის კაპოტქვეშ კი იგივე მოცულობის ბენზინის ძრავი დგას, რომელიც დიზელზე უკეთესი მონაცემებით გამოირჩევა. ინგლისური კომპანია აცხადებს, რომ ორივე აგრეგატი პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემასტან ადაპტირებადია. რა თქმა უნდა, ორივე ავტომობილი სრულამძრავიანია. ძრავებს კი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება. ტრანსმისია საჭიროების შემთხვევაში, უკანა ღერძს თიშავს და მაშინ ავტომობილი წინაამძრავიანი ხდება. ეს კი ავტომობილის ეკონომიურობას გააუმჯობესებს.
ჯონ ედვარდსი ამბობს, რომ ახალი ”დეფენდერის” შემუშავებისას, კომპანია ამ ავტომობილის ამჟამინდელი და პოტენციური მყიდველის აზრებს და სურვილებს გაითვალისწინებს. ეს კი ავტომობილს წინდაწინ შეუქმნის ბაზარზე წარმატებული დებიუტის საფუძველს.

No comments:

Post a Comment